შალვა ნათელაშვილი - მზად ვართ, ყველანაირად დავიცვათ ნიკა მელია, რადგან მისი სახით დღეს იდევნება ქართველი ხალხის საპროტესტო მუხტი
ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი მიიღებს ისეთ ხურდას, რომელსაც ვეღარ მოინელებს, ვეღარ აითვისებს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაცვას ყველანაირად შეეცდება.
„მე ვურჩევ მეგობრულად რეჟიმის მეთაურს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ბუჩქებშია ჩამალული და მესიჯებს უგზავნის უმრავლესობის წევრებს, თვითონ გახდება მსხვერპლი თავისი ავაზაკობის, თუ ეს განახორციელა. ჩვენ მზად ვართ, ყველანაირად დავიცვათ ნიკა მელია, რადგან ნიკა მელიას სახით დღეს იდევნება ქართველი ხალხის საპროტესტო მუხტი. დღეს იდევნებიან ის ახალგაზრდები, ვისაც ივანიშვილმა თვალები დათხარა 20 ივნისის ღამეს, დღეს იდევნება საქართველოს მომავალი. თუ ასე გაგრძელდა, ხვალ იქნება შალვა, მაზეგ თორნიკე, ამიტომ ჩვენ ძირშივე უნდა ამოვწვათ რეპრესიების მსურველი რეჟიმი“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ 13 თებერვალს განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.