შალვა ნათელაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევ, ვანო მერაბიშვილი ახლოს არ გაიკარონ
შალვა ნათელაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევ, ვანო მერაბიშვილი ახლოს არ გაიკარონ

მეგობრული რჩევა შემიძლია მივცე პარტნიორ „ნაციონალურ მოძრაობას“, არ გაიკარონ ახლოს ვანო მერაბიშვილი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, „ლეიბორისტულ პარტიას“ ოპოზიციის ერთიანობის იმედი აქვს.

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ოპოზიციის ერთიანობის და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ 31 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის სახსენებელი პოლიტიკურ რეალობაში არ დარჩეს. ცალკეული უთანხმოებები ოპოზიციურ სუბიექტებს შორის იყო, არის და იქნება. მე დეტალებში არ გავცნობივარ ბატონ უგულავას მიმართვას, თუმცა მეგობრული რჩევა შემიძლია მივცე პარტნიორ „ნაციონალურ მოძრაობას“, არ გაიკარონ ახლოს ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ერთხელ უკვე დაღუპა ეს პარტია, რადგან არ გადადგა გირგვლიანის საქმის შემდეგ. ასევე, მათ უნდა ამოიღონ სიიდან, ამას უკვე სააკაშვილის გასაგონად ვამბობ, ოთხი ოლიგარქი-ჩოჩელი, ოქრიაშვილი ნიკოლეიშვილი და ხაბულიანი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა შეაბრუნა შიგნით, რადგან შემდეგ უკვე აღებული ოთხი მანდატით მიიერთოს და ამით შექმნას კოალიციური მთავრობა ამ ეტაპზე. ეს მხოლოდ და მხოლოდ მეგობრული ტონით, არ ჩათვალონ სხვა ქვენაგრძნობები მაწუხებს. პრობლემები იმის გამო, რომ გააქტიურდა სახელგატეხილი შს მინისტრი და მისი რეკომენდაციით ბიძინა ივანიშვილის ოთხი ოლიგარქი ჩაეწერა „ნაცმოძრაობის“ გამსვლელ სიაში, ეს უკვე არის საფრთხე იმ დროისთვის, როდესაც ერთი ხმა გადაწყვეტს მომავალი კოალიციური მთავრობის ფორმირებას და ის ერთი ხმა შეიძლება ამ ჯგუფიდან იყოს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.