შალვა ნათელაშვილი - მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო-პოლიტიკურ მდგომარეობას, მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობაშიც შეიტანს ბზარებს
მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობას, მათ შორის საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობაშიც შეიტანს ბზარებს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, 15 ივლისიდან აიასოფიას ტაძარი მეჩეთად გამოცხადდება.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თურქეთის საერთაშორისო იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს.
„თურქეთის ხელისუფლება აპირებს, 15 ივლისიდან აიასოფიას ტაძარი, უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე დღევანდელ სტამბულში, გამოაცხადოს მეჩეთად. სამწუხაროდ, საქართველო ხვდება რთულ ზოლში, სადაც რუსული ექსპანსიონიზმის პარალელურად საფუძველს იღებს და ძლიერდება პანთურქიზმი. სწორედ ამას შეეწირა ჩვენი გარეჯიც, რომელიც წაიღო ალიევმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პროტესტი განაცხადა აიასოფიას მეჩეთად გადაკეთებასთან დაკავშირებით, ჩვენ მადლობას ვუხდით ბატონ სახელმწიფო მდივანს და მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლება, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობა, მათ შორის საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობაშიც შეიტანს ბზარებს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, აიასოფია შეტანილია მსოფლიო კულტურის იუნესკო-ს საგანძურში და დღეს ამ სტატუსის შეცვლა იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი შავბნელი ისტორიისაკენ, რაც ხელს არ შეუწყობს მეზობელი თურქეთის გაძლიერებას და მისი ავტორიტეტის ამაღლებას საერთაშორისო ასპარეზზე.
ნათელაშვილი იმედოვნებს, რომ თურქეთი იქნება საიმედო პარტნიორი, რომელიც იზრუნებს თავისი ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოებაზე.