შალვა ნათელაშვილი - მოსკოვში მცხოვრებ ქართველებს მოვუწოდებ, დაიწყეთ საპროტესტო აქციები კრემლთან, გაიგოს პუტინმა ქართველთა საპროტესტო ხმა
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოფელ ნიქოზში იმყოფებოდა, სადაც რუსული ოკუპაცია გააპროტესტა.
მან რუსეთში მცხოვრებ ქართველებს საპროტესტო აქციების დაწყებისკენ მოუწოდა.
„ჩქარობს კრემლი. იციან, რამდენიმე კვირაში მათი სატელიტი ივანიშვილის რეჟიმი დამთავრდება და ისინი ვეღარ შეძლებენ დაუსჯელად საქართველოს აწიოკებას. ამასობაში, მოვუწოდებ მოსკოვში მცხოვრებ 300 ათას ქართველს, დაიწყეთ საპროტესტო აქციები კრემლის კედელთან. გაიგოს პუტინმა ქართველთა საპროტესტო ხმა. ნუ ვიქნებით ჭიქის პატრიოტები, ვიყოთ საქართველოს პატრიოტები. ვიცი, მოსკოვში ცხოვრობს უამრავი ქართველი პატრიოტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.
ნუ ვსხედვართ ბინებში, ოფისებში, რესტორნებში, პარკებში. ნუ ვუყურებთ ჩვენი სამშობლოს უბედურებას მშვიდად. როდესაც შინ და გარეთ ყველა ქართველი ერთად დავდგებით, მაშინ აიხსნება ეს მავთულხლართები და მაშინ წავლენ ოკუპანტები. გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ. ქართველების ერთად ამოღებული ხმის წინააღმდეგ უძლურია ყველა სამხედრო მანქანა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.