დაწყებულია ძალიან დიდი ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ეს ბრძოლა დღეს დაიწყო და თქვენ ხართ ამ ბრძოლის გმირები, – ასე მიმართა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს.
„გუშინ ამერიკელმა ხალხმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ოლიგარქიის ადგილი პოლიტიკაში არ არის. ეს ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენ მისაღები გვაქვს ამ დღეებში. ოლიგარქია, თანაც რუსული, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. მოგეხსენებათ, საფრანგეთის ადამიანის უფლებათა ცნობილი დეკლარაცია ადამიანის ტყავშია ჩაცმული, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა მოიცილა მონობის ტყავი სამუდამოდ, ჩვენ ჩვენი თავისუფლება ივანიშვილის პოლიტიკურ ტყავში უნდა ჩავსვათ, რომ არასოდეს მოხდეს ამ მარაზმის დაბრუნება.
საქართველო ძალიან დიდია, ამაღლებულია, ძალიან გაბრწყინებულია და ღმერთისგან დალოცვილია. ამიტომ არ შეიძლება, მას მართავდნენ ივანიშვილები, თალაკვაძეები, კობახიძეები, მდინარაძეები, რომლებიც როცა ქვეყანას დააქცევენ, დებატებზე კი არ მოდიან ჩვენთან, უშიშროებაში დარბიან საჩივრებით, რომ დაიჭირეთ პოლიტიკური მოწინაღმდეგეებიო. ძალიან მალე ვნახავთ, ვინ ვის დაიჭერს. დაწყებულია ძალიან დიდი ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს ბრძოლა დღეს დაიწყო და თქვენ ხართ ამ ბრძოლის გმირები“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისი თქმით, დღევანდელ აქციაზე ყველა პარტია გაერთიანდა.
„1989 წლის 9 აპრილს, აქ ქართული პოლიცია, მაშინდელი მილიცია თავისუფლებისთვის გამოსულ ადამიანებს ზედ გადაეფარა და უზარმაზარი მსხვერპლისგან გადავრჩით. პოლიცია გადაეფარა. მინდა, მოვუწოდო ჩვენს ძალოვნებს, პოლიციას, დაყარეთ ეგ მუნდირები ამ სამარცხვინო ხელისუფლების ფეხებთან და შემოუერთდით ხალხს. ვერ ავიტანთ მეტ შიმშილს, სიღატაკეს, ტყუილს, ძარცვას, ქვეყნის დაცლას, მომავლის გაურკვევლობას, თავლაფის დასხმას, შეურაცხყოფას, ძალადობას და ამ ყველაფერზე დღეს იწყება განაჩენის დაწერა.
მინდა, საქართველოს გაერთიანება დავლოცო. ჩვენ გავერთიანდით საერთო მტრის წინააღმდეგ. ყველა პარტია ერთად ვართ. ხალხი ერთად ვართ, ერი და ბერი განუყოფელი გახდა. ღირდა ცხოვრება ამ ისტორიული დღისთვის. ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში. თქვენი ხმა უკვე ესმის მთელს მსოფლიოს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.