შალვა ნათელაშვილი - ბიუჯეტს დავუბრუნეთ 67 000 ლარი, რომელიც უნდა გაგვეცა ხელფასებისთვის იმ უბნებზე, სადაც გვიღალატეს ჩვენმა წარმომადგენლებმა ან გაგვიყალბეს არჩევნები
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ იმ უბნების დამკვირვებლებს, რომელი უბნებიდანაც პარტიამ ნული ხმა აიღო, ხელფასებს არ ჩაურიცხავს.
როგორც შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს „ლეიბორისტულმა პარტიამ“ სახელმწიფო ბიუჯეტს უკან გადაურიცხა 67 000 ლარი, რომელიც უნდა გაცემულიყო ხელფასებისთვის ნულოვან უბნებზე.
„სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ შობა-ახალი წელიც გადააქცია შიმშილის დღესასწაულად, რა დღეშია ხალხი, კარგად ვხედავთ. მე არა მარტო უარი ვთქვი ჩემს ე.წ. სადეპუტატო ხელფასზე, არამედ დღეს „ლეიბორისტულმა პარტიამ“ სახელმწიფო ბიუჯეტს უკან გადაურიცხა 67 000 ლარი, რომელიც უნდა გაგვეცა ე.წ. ხელფასებისთვის ნულოვან უბნებზე, ანუ უბნებზე, სადაც რეჟიმმა გაგვიყალბა არჩევნები ურცხვად, არ დაგვიწერა არც ერთი ხმა ან ჩვენმა წარმომადგენლებმა გვიღალატეს. მოვითხოვ, ეს ფული დაიხარჯოს უფასო სასადილოების ბენეფიციართა გამოკვებაზე, რომლებიც წლებია, ქრონიკულად შიმშილობენ. როგორც მოგეხსნებათ, პარტიებს ჰყავთ წარმომადგენლები ყველა უბანზე, ასეთია 3 700 უბანი. ეს წარმომადგენელია ვალდებულია, მივიდეს და თუ ხმას არ დაიცავას, თავად მაინც მოგვცეს ხმა. მიბრძანდნენ ჩვენი წარმომადგენლები რამდენიმე ასეულ უბანზე და წამოიღეს ნული ხმა. პირდაპირ ჩანს, რომ ხელისუფლებამ არა მარტო გააყალბა უბანი, არამედ ესეც მოისყიდა, ეს ნაძირალა, ვინც გაგზავნილი გვყავდა. ახლა ამას ხელფასს ხომ არ გადავუხდით. ამიტომ უარი ვუთხარით მათ ხელფასებზე, განვუცხადეთ, რომ წავიდნენ და სასამართლოში იჩივლონ, თუ რამე პრეტენზია აქვთ და იქ დავუმტკიცებთ ვინ არიან ისინი. საუბარია ასეულებით ადამიანზე, დაახლოებით 400-500. მე მგონი სწორი გავაკეთეთ და ჭკუის სასწავლებელი იქნება. მოღალატეებს, არამზადებს, გამყიდველებს, უქნარეს არავითარი ხელფასი ბიუჯეტიდან არ უნდა მივცეთ. რატომ, რისთვის? ეგენი შემოუშვა უშიშროებამ პარტიაში, რათა ნული ხმა გამოეტანათ უბნებიდან და საჩივრები არ დაეწერათ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.