შალვა ნათელაშვილი - ის, რაც გააკეთა პუტინთან ძალიან ახლოს მყოფმა ამერიკის პრეზიდენტმა, არ უკადრია ამ ქვეყნის სახელმწიფო მეთაურს საუკუნეების განმავლობაში
შალვა ნათელაშვილი - ის, რაც გააკეთა პუტინთან ძალიან ახლოს მყოფმა ამერიკის პრეზიდენტმა, არ უკადრია ამ ქვეყნის სახელმწიფო მეთაურს საუკუნეების განმავლობაში

ბრძენმა ამერიკელმა ხალხმა სერიოზული საფრთხე მოაცილა თავის ქვეყანას და მსოფლიო დემოკრატიას, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აშშ-ში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ის, რაც გააკეთა პუტინთან ძალიან ახლოს მყოფმა ამერიკის პრეზიდენტმა, არ უკადრია ამ ქვეყნის სახელმწიფო მეთაურს საუკუნეების განმავლობაში.

„იმედია, ხვალინდელი დღე ამერიკისთვის, მთელი მსოფლიოსთვის იქნება უკეთესი, ხოლო პოლიტიკა დარჩება ოლიგარქიის გარეშე. ოლიგარქი პოლიტიკაში, ეს არის გალიიდან გამოშვებული მხეცი, რომელიც უკან შეგდებასაც სჭირდება მსხვერპლი და ის განსაცდელი, რომელიც ჩვენ გადაგვაქვს. მიუხედავად იმისა, ეს ოლიგარქი ბრაიტონ ბიჩ​ზეა გაზრდილი, თუ ჭორვილაში. მათი ფსიქიკა არის ერთი და იგივე – მეტი მოგება, მეტი ფულის შოვნა ხალხის ხარჯზე და ძალაუფლების შენარჩუნება ყველაფრის ფასად“, – განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.

კითხვაზე, 2012 წლის მაგალითი არის თუ არა დემოკრატიის ნიმუში, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა: „მანამდე ასევე მშვიდობიანად დათმო ხელისუფლება ედუარდ შევარდნაძემ. ბოლოს და ბოლოს შუა აზიის დიქტატორი ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა, ასეთი მაგალითებით სავსეა მსოფლიო პოლიტიკა“.

რაც შეეხება აშშ-ში გუშინდელი მოვლენების დროს ოთხი პირის გარდაცვალებას, შალვა ნათელაშვილი ასეთ კომენტარს აკეთებს: „ივანიშვილს თუ გულის სწყდება, რომ არავინ მოკლა, შემიძლია, შევახსენო საწოლში ჩაცხრილული მაჩალიკაშვილი, რომლიც მისმა სპეცრაზმმა განახორციელა, როგორც ტერორისტული თავდასხმა და კიდევ სხვა უამრავი ახალგაზრდა დახოცილი, თვალებდათხრილი და გაუბედურებული. რაც შეეხება შეჭრის დროს იარაღის აუცილებელ გამოყენებას, მანამდე ამერიკაში ცნობილი შავკანიანი მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებით მთელს ქვეყანაში რამდენიმე თვე მღელვარება იყო. პროტესტანტებმა იარაღით დაიკავეს შტატის, სენატის, პარლამენტის, კონგრესის, გუბერნატორის რეზიდენციები. მანამდე ჰონკონგში არაერთხელ დაიკავეს ამბოხებულებმა ჰონკონგის პარლამენტის შენობა და ერთს არ მიუღია ნაჩხაპნი, არც არავისთვის თვალი არ ამოუთხრიათ. გუშინ რაც მოხდა, ეს არის პირადად პუტინის მეგობარ და ივანიშვილის მფარველ ტრამპის სინდისზე. მან უდიდესი დარტყმა მიაყენა დემოკრატიის სიმბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებს და საფრთხე შეუქმნა დემოკრატიულ პროცესებს მთელ მსოფლიოში, მაგრამ მისგან მალე იქნება განკურნებული მსოფლიო პოლიტიკა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამასთან, შალვა ნათელაშვილი აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს დღეს ფეისბუქ სტატუსითაც გამოეხმაურა, როგორც მან აღნიშნა, „შეხედეთ ტრამპის ნამოქმედარს, აი, რას გადაურჩა ამერიკა, მსოფლიო და საქართველო“.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა, 7 იანვარს, ვაშინგტონში პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა. ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ვაშინგტონის პოლიციის მონაცემებით, აშშ-ის კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი ქალი კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარმა სროლამ იმსხვერპლა. ასევე, კონგრესში შეჭრის შედეგად, პოლიციის სულ მცირე 14 ოფიცერი დაშავდა. 52-ზე მეტი პირი სამართალდამცველებმა დააკავეს. 47 მათგანი კომენდანტის საათის დარღვევის გამო იქნა დაპატიმრებული. დაკავებულთა შორის რამდენიმეს ბრალად ედება იარაღის უკანონო ტარება.