შალვა ნათელაშვილი - დღეს ისეთი ერთიანია ქართული პოლიტიკური სპექტრი და საქართველო, როგორც იყო დიდი აღმაშენებლის დროს [ვიდეო]
დღეს ისეთი ერთიანია ქართული პოლიტიკური სპექტრი და მთელი საქართველო, როგორც ეს იყო დიდი აღმაშენებლის დროს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ქუთაისში ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩემო ძვირფასო ქუთაისლებო და ყველა ღირსეულო ქართველო, ვინც დღეს აქ შეიკრიბეთ დასავლეთ საქართველოდან, თბილისიდან. დღეს თქვენ შემოგყურებთ მთელი საქართველო, შეიძლება ითქვას, მთელი ცივილიზებული მსოფლიო, რადგანაც იწყება ივანიშვილის ძირგამომპალი რეჟიმის შეცვლა. როგორც დავით აღმაშენებელმა გაამზადა დიდგორის მებრძოლები ქუთაისიდან, ისეთი სახალხო მშვიდობიანი ლაშქარი ელოდება თბილისს თქვენი სახით.
აგერ ჩვენი სიდიადე, ჩვენი სულიერების ცენტრი, ბაგრატი, გელათი, აქ აღმაშენებლის ნატერფალია, სადაც ჩვენ ვდგავართ. მე ამ სიწმინდეების წინაშე, ჩვენი კოლეგების წინაშე ვაცხადებ, რომ დღეს ისეთი ერთიანია ქართული პოლიტიკური სპექტრი, მთელი საქართველო, როგორც ეს იყო დიდი აღმაშენებლის დროს. ქუთაისი არამარტო ქართული ცივილიზაციის აკვანი და ცენტრია, არამედ საზომია ქართველობის. ქუთაისი მსოფლიო ცივილიზაციის სიამაყეა, უძველესი ცივილიზაციისა. ერთი რამ ყველამ ზუსტად იცის, ქუთაისელების წინააღმდეგ წასვლა არავის არ გასვლია, არც გარეთ, არც შიგნით და არც ახლა გაუვა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.