შალვა ნათელაშვილი - დავით ჭაკუა გერმანიის მთავრობამ საქართველოს წინასაარჩევნო საჩუქარად გადმოსცა
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ დავით ჭაკუა გერმანიის მთავრობამ საქართველოს წინასაარჩევნოდ საჩუქარად გადასცა.
როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, დავით ჭაკუა შესანიშნავად ცხოვრობდა გერმანიაში და არავინ ითხოვდა გადმოცემას, მისი ექსტრადირება კი, წინასაარჩევნო პერიოდს დაამთხვიეს.
„ჩემი აზრით, ბატონი ჭაკუა გერმანიის ხელისუფლებამ საქართველოში გერმანიის ელჩის დიდი რუდუნებით, წინასაარჩევნო საჩუქრად გამოუგზავნა ბიძინა ივანიშვილს, რათა შექმნან შთაბეჭდილება, რომ ეს ბატონი ებრძვის დამნაშავეებს, მოძალადეებს. აღნიშნული პატიმარი შესანიშნავად ცხოვრობდა გერმანიაში, არავინ არ ითხოვდა მის გადმოცემას და დაამთხვიეს წინასაარჩევნო პერიოდს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით, გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას ექსტრადიცია გუშინ განხორციელდა.
დავით ჭაკუას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და მეგის ქარდავასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.
ამ საქმეზე დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და წამების ბრალი დაუმტკიცდა, საბოლოო სასჯელად კი, სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.