შალვა ნათელაშვილი - ჩვენ მოსულები ვართ იდეის, მსოფლმხედველობის გამო და არც ერთ შემთხვევაში იმის გამო, გვაფინანსებს ვინმე, თუ არა
ჩვენ მოსულები ვართ იდეის, მსოფლმხედველობის გამო და არც ერთ შემთხვევაში, იმის გამო, გვაფინანსებს ვინმე, თუ არ გვაფინანსებს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მმართველი გუნდის კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.
საუბარია პროექტზე, რომლის მიხედვითაც, პარტია, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებს.
„დაფინანსების შეწყვეტა პოლიტიკური ოპოზიციისათვის გახლავთ არნახული, უპრეცენდენტო ნაბიჯი მინიმუმ ევროპულ სივრცეში და წარმოადგენს ოპოზიციის იძულებას, შევიდეს უკანონო, ერთპარტიულ პარლამენტში და გაუთეთროს, გაულეგიტიმუროს ბიძინა ივანიშვილს გაყალბებული, ძალადობრივი არჩევნების შედეგები. ეს არ მოხდება არაფრის ფასად. დაფინანსება რომც შეგვიწყვიტონ, რომც დაგვიჭირონ, რომც ყველაფერი ჩამოგვართვან, რომც დაგვხოცონ, ჩვენ მაინც ამ პარლამენტს მათ არ გავუთეთრებთ. ტყუილად წვალობენ და ტყუილად იმზადებენ საფუძველს იმისას, რომ მერე თვითონ მოხვდნენ სანქციებში ევროპისა და ამერიკის მხრიდან ერთპარტიული დიქტატურის დამყარებისათვის და პარტიების დევნის გამო მათ შორის ბატონ ოხანაშვილსაც ემუქრება ეს სანქციები და მის თანამებრძოლებს, ივანიშვილთან ერთად. რა თქმა უნდა, ეს არის რეპრესიებზე გათვლილი, დაშინებაზე. არც ერთი ოპოზიციონერი არ წავა საკუთარი ერისა და მომავლის საღალატოდ, დამნაშავეების გვერდით არ დაჯდება. ჩვენ მოსულები ვართ იდეის, მსოფლმხედველობის გამო და არც ერთ შემთხვევაში იმის გამო, გვაფინანსებს ვინმე, თუ არ გვაფინანსებს. რა თქმა უნდა, რთულია უფინანსოდ ყოფნა, მაგრამ გაძლებადია“, – განაცხადა ნათელაშვილმა.