შალვა ხაჭაპურიძე - სასამართლოს მხრიდან სააკაშვილის დისტანციურად ჩართვის საკითხზე წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია, როგორც ჩანს, ტექნიკურად საჭირო იყო 14 დეკემბრამდე პროცესის გადადება
შალვა ხაჭაპურიძე - სასამართლოს მხრიდან სააკაშვილის დისტანციურად ჩართვის საკითხზე წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია, როგორც ჩანს, ტექნიკურად საჭირო იყო 14 დეკემბრამდე პროცესის გადადება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილის დისტანციურად ჩართვასთან დაკავშირებით სასამართლოს მხრიდან წინააღმდეგობა არ ყოფილა.

„სასამართლომ, ფაქტობრივად, ამ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა და თქვა, რომ დაავალებდა პენიტენციურ სამსახურს, ჩართონ მიხეილ სააკაშვილი, რადგან ტრანსპორტირება ვერ ხერხდება. ანუ, სასამართლოს მხრიდან ჩვენ წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოგვარდება ეს ტექნიკურად, რადგან სააკაშვილი საავადმყოფოშია, ამისთვის სასამართლომ ორი კალენდარული სამუშაო დღე ითხოვა, გრაფიკი შემოგვთავაზა, ჩვენ ამ გრაფიკს დავეთანხმეთ და მზად ვართ, ვიმუშაოთ“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, სასამართლოში წარადგინეს მარიამ ჯიშკარიანის საექსპერტო დასკვნის ინგლისური ვერსია, რომელსაც ამერიკელი და ინგლისელი ექსპერტები აწერენ ხელს.

„ბუნებრივია, ამის წარდგენის გარეშე, მოსამართლეს შეეძლო, საერთოდ დაუშვებლად ეცნო ეს მტკიცებულება, რასაც არ დავუშვებდით. ამიტომ ეს დასკვნა იქნა წარდგენილი. ქართული ვარიანტი ჯერ კიდევ პირველ დეკემბერს იქნა შეტანილი სასამართლოში. გარდა ამისა, წარდგენილია სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც ბოლო სამ-ოთხ დღეში მოვიპოვეთ“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, როგორც ჩანს, ტექნიკურად საჭირო იყო 14 დეკემბრამდე პროცესის გადადება. შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ დაცვის მხარეს სასამართლოში 21 ტომი საქმის მასალა აქვს წარდგენილი, ასევე, იგეგმება 30 მოწმის დაკითხვა.

„გასაგებია, ცუდად არის, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ პროცესში ამ ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. პროცესი ისე ვერ ჩატარდება, წარმოუდგენელია, სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ ადამიანი არ ესწრებოდეს პროცესს. ტექნიკური საკითხი იყო და მეორე – მტკიცებულებები, რომლებიც სახალხო დამცველმა წარმოადგინა. როგორც ჩანს, გუშინ იქნა წარმოდგენილი, ჩვენ ახლა გადმოგვეცემა და უნდა გავეცნოთ. მეორე მხარესაც სჭირდება დრო გასაცნობად და ორდღიანი ვადა ითხოვეს. ჩვენ მიერ წარდგენილი იქნა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, თავად მარიამ ჯიშკარიანის მიერ გაცემულ დასკვნაზე. ტექნიკურად ამას დრო სჭირდებოდა. ითარგმნა და 195-გვერდიანი დოკუმენტი გადაიგზავნა, ამერიკელებმა, ინგლისელებმა და შვეიცარიელმა ექსპერტმა მოაწერეს ხელი. რაც შეეხება საკითხს, რამდენად შევძლებთ ყველა მოწმის დაკითხვას, ჩემი აზრით, ყველა მოწმე მნიშვნელოვანია, რადგან უნდა გავითვალისწინოთ სასამართლო პრაქტიკა, მით უმეტეს, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამბობს, რომ ყველა ექსპერტი უნდა იქნას დაკითხული. ჩვენი ამოსავალი წერტილი იქნება პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი, თუმცა აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ყველაფერს ვაკეთებთ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად და თუ მტკიცებულებები არ იქნა წარდგენილი, ბუნებრივია, შედეგსაც ვერ მივიღებთ. 21 ტომი საქმე არის მარტო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი, 30 მოწმეა, ჩვენ შეგვიძლია, ინტენსიურად, ანუ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშაოთ. სასამართლოდან ახლა უნდა მომაწოდონ მეორე მხარის მიერ წარდგენილი მასალები, იქაც რამდენიმე ტომია“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

რაც შეეხება კითხვას, – „კლინიკიდან პაციენტების ჩართვა დანერგილი პრაქტიკაა?“ – შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს, რომ დისტანციურად ჩართვის შემთხვევები არსებობს.

„დანერგილი პრაქტიკა არ არის, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც დისტანციურად მოხდა ჩართვა, პირადად მეც მქონია ასეთი შემთხვევა. ხშირი შემთხვევა სასჯელის გადავადებაც არ არის ამ სასამართლოში, ძალიან ცოტაა, პრეცედენტებად შეიძლება, ჩაითვალოს. გამოცდილება არსებობს“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი 14 დეკემბერს, 11:00 საათისთვის გადაიდო.

პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო სხდომაზე წაიკითხა „ვივამედისგან“ მიღებული წერილი, რომლის მიხედვითაც, მკურნალმა ექიმმა, ჯანმრთელობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. პენიტენციურმა სამსახურმა, ასევე მოსამართლემ და ადვოკატებმა დრო ითხოვეს დამატებითი მასალების გასაცნობად. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვის საკითხის მოსაგვარებლად გარკვეული დროა საჭირო.