საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე პროცესი 14 დეკემბრისთვის გადაიდო
საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე პროცესი 14 დეკემბრისთვის გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი 14 დეკემბერს, 11:00 საათისთვის გადაიდო.

პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო სხდომაზე წაიკითხა „ვივამედისგან“ მიღებული წერილი, რომლის მიხედვითაც, მკურნალმა ექიმმა, ჯანმრთელობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

პენიტენციურმა სამსახურმა, ასევე მოსამართლემ და ადვოკატებმა დრო ითხოვეს დამატებითი მასალების გასაცნობად. გარდა ამისა, აღინიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვის საკითხის მოსაგვარებლად გარკვეული დროა საჭირო.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს.

სასამართლოს პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.