შალვა კერესელიძე - პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი შოვთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ, თუმცა ჩვენ კომისიის წევრები არ ვიქნებით
„ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ პირობებში, მაშინ, როდესაც ეს ორი დესტრუქციული ძალა შოვის ტრაგედიის ერთმანეთის დასაზიანებლად და პოლიტიკური დივიდენდების მოსაღებად გამოყენებას ცდილობს, საგამოძიებო კომისია ვერ იქნება ეფექტიანი მექანიზმი ჭეშმარიტების დასადგენად, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი არ გახდება ბარიერი და შოვთან დაკავშირებით კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს, თუმცა, კომისიის შექმნის შემთხვევაში, კომისიის წევრებად არ იქნებიან წარმოდგენილი. შალვა კერესელიძე განმარტავს, რომ კომისიის საქმიანობაში სხვა საჭირო ფორმით მიიღებენ მონაწილეობას.
„გვინდა, გაცნობოთ ჩვენი გუნდის, პარტია „საქართველოსთვის“ პოზიცია შოვის საგამოძიები კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. პირველი დღიდანვე ჩვენი გუნდის პოზიცია გახლდათ, რომ შოვში დატრიალებული ტრაგედია არ უნდა გამხდარიყო პოლიტიკური სპეკულაციის საგანი „ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ასეც მოხდა.
ჩვენმა გუნდმა პირველივე დღიდან დაიწყო შოვში განვითარებული მოვლენების შესწავლა – შესაბამისი კითხვებით მივმართეთ შესაბამის უწყებებს, პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრს. ჩვენი გუნდის წარმომადგენლები სამაშველო სამუშაოების დროსაც შოვში იმყოფებოდნენ, ისევე როგორც სამუშაოების დასრულების შემდეგ.
სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციამ და ჩვენი გუნდის მიერ გაგზავნილ კითხვებზე კონსტიტუციის დარღვევით მიღებულმა პასუხებმა ნათელი გახადა, რომ ხელისუფლება მზად არ არის, ადეკვატური პასუხები გაეცეს მომხდარ სავარაუდო სამოხელეო გულგრილობას; „ოცნების“ ხელისუფლება მზად არ არის, აიღოს პასუხისმგებლობა, რათა მომავალში მსგავსი ტრაგედიები თავიდან ავიცილოთ.
„ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ პირობებში, მაშინ, როდესაც ეს ორი დესტრუქციული ძალა ამ ტრაგედიის ერთმანეთის დასაზიანებლად და პოლიტიკური დივიდენდების მოსაღებად გამოყენებას ცდილობს, საგამოძიებო კომისია ვერ იქნება ეფექტიანი მექანიზმი ჭეშმარიტების დასადგენად.
თუმცა, ვიდრე საზოგადოების ნაწილი (მათ შორის, შოვის მოსახლეობის ნაწილი) ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიას შეუძლია, პოზიტიური როლის შესრულება სიმართლის დადგენაში, ჩვენი საპარლამენტო გუნდი არ გახდება ბარიერი და კომისიის შექმნას ჩვენ მხარს დავუჭერთ, მაგრამ აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ, კომისიის შექმნის შემთხვევაში, ჩვენ კომისიის წევრები არ ვიქნებით და მის საქმიანობაში მხოლოდ საექსპერტო ადამიანური რესურსებით ან სხვა საჭირო ფორმით მივიღებთ მონაწილეობას. საზოგადოებას ვარწმუნებთ, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობები პერსონალიზირებული იქნება და ვერავინ შესძლებს თავის არიდებას“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.