შალვა ალავერდაშვილი - ტურიზმის სექტორის 85 პროცენტი გაკოტრების პირასაა
შალვა ალავერდაშვილი - ტურიზმის სექტორის 85 პროცენტი გაკოტრების პირასაა

„სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის, შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში რთული მდგომარეობაა.

მისივე თქმით, მოლოდინია, რომ წელს ქვეყანა ტურიზმის სექტორში ორ-ნახევარ მილიარდ დოლარს დაკარგავს.

„სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში საკმაოდ რთული მდგომარეობაა. კარგია, როდესაც რეგიონში რამდენიმე სასტუმრო მუშაობს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ტურისტული ობიექტების 38 პროცენტი მხოლოდ თბილისშია განთავსებული და ყველაფერი ისევ ისე დახურულია.

ასევე, ტურისტულ რეგიონებში საკმაოდ რთული მდგომარეობაა. უნდა აღვნიშნო ქობულეთი, სადაც რეალურად ახლა უნდა იყოს ბუმი. ყველა იმ ადგილას, რომელსაც საერთაშორისო ტურისტი დიდი რაოდენობით სტუმრობდა, არასახარბიელო მდგომარეობაა,“ – განაცხადა შალვა ალავერდაშილმა.

მისი განცხადებით, ბიზნესის უდიდესი ნაწილი ბანკის სესხებზეა დამოკიდებული, რისი გადახდის უნარიც არ აქვს.

„საკმაოდ რთული მდგომარეობაა ბანკებთან, ბიზნესის 98 პროცენტი ბანკების სესხებზეა დამოკიდებული. დღევანდელი მოცემულობით, ტურიზმის სექტორი ბანკების სესხებს ვერ გადაიხდის. ერთად უნდა მოვიფიქროთ, რა ვქნათ და როგორ მივიდეთ იქამდე, რომ ეს სექტორი გადახდისუნარიანი გახდეს.

წარმოიდგინეთ, ქვეყანაში 3 200 სასტუმრო, 7 ათასამდე „გესთჰაუსი“ და 11 ათასამდე რესტორანია. აქედან თითქმის 85 პროცენტი გაკოტრების პირას არის,“ – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.