შალვა ალავერდაშვილი - ტურიზმის სექტორი კარგა ხანია, მკვდარია და უნდა აღვადგინოთ
ველოდებოდით და ახლაც ველოდებით თებერვლიდან მაღალმთიან კურორტებზე სასტუმროების გახსნას, ჯავშნებს ვიღებთ თებერვლიდან. ეს არის ის მინიმალური შემოსავალი შიდა ტურიზმისთვის, რაც სასტუმროებს მხოლოდ კომუნალურების გადახდის საშუალებას მისცემს, – ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ტურიზმის სექტორს დღეს აღდგენა სჭირდება.
„ტურიზმის სექტორში ხდება აბსოლუტური გაუგებრობა. მივხვდით, რომ ჩვენი სექტორი საერთოდ აღარ ვარსებობთ მე მგონი. ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ტურიზმის სექტორი აღვადგინოთ. ტურიზმის სექტორი უკვე კარგა ხანია, მკვდარია და ტურიზმის სექტორი უნდა აღვადგინოთ. ჩვენ ველოდებოდით და ახლაც ველოდებით თებერვლიდან მაღალმთიან კურორტებზე სასტუმროების გახსნას. ეს არის რეალობა, რასაც დღესაც ველოდებით. ჩვენ ჯავშნებს ვიღებთ თებერვლიდან. ეს არის ის მინიმალური შემოსავალი შიდა ტურიზმისთვის, რაც სასტუმროებს მხოლოდ კომუნალურების გადახდის საშუალებას მისცემს. ეს არის თებერვლისა და მარტის ჯავშნები მაღალმთიან რეგიონებში.
სასტუმროს დღეს სჭირდება პასუხი უკვე, რათა ჯავშნები მიიღოს ან არ მიიღოს. ჩვენ უნდა დავიწყოთ რეკლამები, პერსონალი უნდა შევაგროვოთ, დავატრენინგოთ და გავხსნათ კონკრეტული ობიექტები – ასე არ არის, რომ პირველ თებერვალს გვეტყვიან, რას ვაკეთებთ. ის მასალები, ის ნედლეული, რაც ჩვენ ვიყიდეთ რესტორნებისა და სასტუმროებისთვის, ერთ დღეში გვითხრეს, რომ იცით, ხვალიდან და ზეგიდან აღარ მუშაობთ და ის ნედლეული დაგვრჩა. ზოგი გაფუჭდა და ზოგი გავაჩუქეთ. ახლა ისიც არ ვიცით, ეს ნედლეული ისევ უნდა ვიყიდოთ თუ არა თებერვლამდე, უნდა მოვემზადოთ თუ არა, მივიღოთ თუ არა ჯავშნები, რა არის სამოქმედო გეგმა. წაბრძანდით ბაკურიანში და ნახეთ, ბაკურიანიც ჩაკეტილია ხომ?!თუმცა რეალობა გვაქვს სხვა, ბაკურიანი არის აბსოლუტურად სავსე. რა გავაკეთეთ?! იყო „თეთრი ეკონომიკა“ და გადავედით შავზე – დავბრუნდით 90-იან წლებში. ველოდებით, რომ ყველა სასტუმრო პირველი თებერვლიდან გავიხსნათ და უნდა გავიხსნათ, უნდა ვისწავლოთ „კოვიდთან“ ერთად ცხოვრება. ჩვენ ორი კვირის განმავლობაში შეგვიძლია, მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტი შემოვიტანოთ, ეს სექტორი უნდა აღვადგინოთ“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.
მისი თქმით, ახლა უნდა დაისახოს სტრატეგია, თუ პანდემიის რეჟიმში როგორ აღდგეს ეკონომიკა.
„ტურიზმის სექტორი ვერ გადავარჩინეთ, მოკვდა, ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, თუ როგორ უნდა აღვადგინოთ სექტორი. არავინ არავის ფულს არ სთხოვს. „გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ეპიდემიოლგიურ მდგომარეობაზე“ – ამ ფრაზის მოსმენა აღარ გვინდა. მოდით, ეს ფრაზა დავივიწყოთ და ახალი ფრაზა ვთქვათ: „ვისწავლოთ ეპიდემიასთან ერთად ცხოვრება“.
არავინ იძახის, რომ რეგულაციებს არ დავიცავთ, ჩვენ ამაში საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხები დავხარჯეთ და გამოცდილებაც მივიღეთ და მოდით, ერთად დავსხდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ იხსნება ქვეყანა. ის თემა, რომ პირველი თებერვლიდან ცა გაიხსნება, ჩვეულებრივი ტყუილი მგონია და არ მჯერა, რადგან ამას ვისმენდით ყოველი თვის პირველ რიცხვში. თუ კონკრეტული თემები, კონკრეტული კონტრაქტები არ არის, თუ მიმართულებები არ არის, ჩვენ თუ ტურისტულ პაკეტებს არ ვყიდით, ცის გახსნა რას ნიშნავს?! ჩვენ ამ საკითხებზე პრემიერის დონეზე კომუნიკაცია არ გვქონია, ტურიზმი ვერ გადავარჩინეთ და ახლა მთავარი თემა არის აღვადგინოთ ტურიზმი, დავდოთ სტრატეგია, როგორ მივდივართ და რას ვაკეთებთ, თუნდაც შემოვიყვანოთ უკვე კოვიდ-გადატანილი ტურისტები“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.