შალვა ალავერდაშვილი - სასტუმროს სტუმარი ადმინისტრატორთან თერმოსკრინინგისა და ხელების დამუშავების შემდეგ მივა, მოთავსდება განიავებულ ოთახში, აღარ იქნება შვედური მაგიდა და ნაღდი ფულით ანგარიშსწორება
ბიზნესს მოუწევს იმ რეგულაციებით ცხოვრება და იმ რეგულაციებთან ადაპტირება, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით, სხვადასხვა ტიპის ობიექტებისთვის გამოქვეყნდა, – ამის შესახებ სასტუმროების ასოციაციის პრეზიდენტმა, შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სექტორისთვის ძირითადი რეგულაციები ცნობილი იყო და ყველამ წინასწარ დაიწყო მზადება.
„ყველანი უნდა გავეცნოთ რეგულაციებს. ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ ეს რეგულაციები და ქვეყანაში შემოსულ ტურისტს გავუჩინოთ განცდა, რომ ყველაფერი დაცულია. რეალურად უნდა შევეცადოთ, არსებულ სიტუაციასთან ადაპტირებას.
ჩვენთვის ამ რეგულაციების ძირითადი პუნქტები ცნობილი იყო, ყველამ წინასწარვე დაიწყო მომზადება, რაც ძალიან კარგია. ჩვენ ზოგადი სიტუაცია ასეთია, რომ გვაქვს ზოგადი გამოცდილება. კარანტინის ზონები გვქონდა სასტუმროებში. გარკვეული ცოდნის გაცვლაც მოხდა სასტუმროებს შორის, რეალურად ეს დაგვეხმარება შევეგუოთ ახალ რეალობას“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
მისი თქმით, პირველად, როდესაც სტუმარი შედის სასტუმროში, ხდება ტემპერატურის გაზომვა, შემდეგ უნდა მოხდეს ხელების დამუშავება და ამის შემდეგ მიდის რეგისტრაციისთვის ადმინისტრატორთან, რომელიც გამჭირვალე, დამცავი ბარიერით იქნება გამოყოფილი.
„ნაღდი ფულით ანგარიშსწორება აღარ მოხდება. შემდეგ ადის ნომერში, რომელიც დამუშავებული და განიავებულია ოთხი საათის განმავლობაში. რაც შეეხება რესტორანს, აქ შვედური მაგიდის პრინციპი იცვლება. სტანდარტული შვედური მაგიდა, სადაც სტუმარი მიდის და იღებს საკვებს, არ იქნება. აქაც მოემსახურება პერსონალი“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს სხვადასხვა ტიპის ობიექტებისა და საქმიანობის განხორციელებისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა, მათ შორის არის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სასტუმროებისთვის და ღია/დახურული ტიპის აუზებისთვის. დოკუმენტი ყველა ტიპის სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ სამუშაო სივრცეში განსახორციელებელ ღონისძიებებს, კვებით უზრუნველყოფის ბლოკების ღონისძიებებს და სხვა პუნქტებს მოიცავს.