„შახტიორში“ ქართველებს არ უთამაშიათ - გუნდი ნახევარფინალში დამარცხდა
„შახტიორში“ ქართველებს არ უთამაშიათ - გუნდი ნახევარფინალში დამარცხდა

სოლიგორსკის „შახტიორმა”, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, ბელარუსის თასის ნახევარფინალში 4 გოლი გაიტანა, მაგრამ ფინალში მაინც ვერ გავიდა.

გუნდი მოქმედ ჩემპიონს, ბრესტის „დინამოს“ შეხვდა. ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი ნაწილი ბრესტში „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა 2:0. განმეორებით შეხვედრამდე ყველაფერი, ერთი შეხედვით, გარკვეული იყო.

სოლიგორსკელებმა მეორე თამაშიც ცუდად დაიწყეს და 38-ე წუთზე 0:2-ს აგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა მეორე ტაიმში ლამის შეუძლებელი შეძლეს და 73-ე წუთისთვის 4:2 დაწინაურდნენ. თუმცა, დარჩენილი წუთები გოლის გასატანად სრულიად საკმარისი იყო, სოლიგორსკელებმა მთელი გუნდით შეუტიეს, ბოლოს თავდასხმის დასახმარებლად მეტოქის საჯარიმოში მეკარე ალექსანდრე გუტორიც (ბელარუსის ნაკრების მეკარე) ჩავიდა, მაგრამ „დინამოს“ ვერაფერი მოუხერხეს და საბოლოოდ, მოგების მიუხედავად, სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით ფინალში ბრესტელები გავიდნენ, რომლებიც გადამწყვეტ შეხვედრაში 24 მაისს „ბატეს“ დაუპირისპირდებიან.

ლაშა შინდაგორიძეს ტრავმის გამო არ უთამაშია, ხოლო გეგა დიასამიძე მეორე შეხვედრაა, განაცხადში ვერ ხვდება. გუნდის მთავარი მწვრთნელის, იური ვერნიდუბის ცნობით, ქართველფეხბურთელს ანგინა აქვს.