უეფა-ს მოულოდნელი გადაწყვეტილება - ბრესტის „დინამო“ „პლზენს“ კონფერენციათა ლიგაზე ბათუმში უმასპინძლებს #1TVSPORT
უეფა-ს მოულოდნელი გადაწყვეტილება - ბრესტის „დინამო“ „პლზენს“ კონფერენციათა ლიგაზე ბათუმში უმასპინძლებს #1TVSPORT

ბრესტის „დინამო“ კონფერენციათა ლიგის საპასუხო მატჩს პლზენისვიქტორიასთან“ ბათუმში გამართავს, – ინფორმაციას ბელარუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მიზეზი ისაა, რომ ბელარუსში ევროპულმა ავიაკომპანიებმა პირდაპირ ჩარტერულ რეისებზე უარი განაცხადეს. თამაში ბათუმში 29 ივლისს ერთი წლის წინ გახსნილ საფეხბურთო სტადიონზე გაიმართება.

„ბრესტის „დინამო“ 2021/22 წლების უეფა-ს კონფერენციათა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის ნომინალურად საშინაო მატჩს საქართველოს ქალაქ ბათუმში გამართავს. გადაწყვეტილება „ვიქტორიასთან“ შეხვედრის ნეიტრალურ მოედანზე გადადების შესახებ უეფა-მ მიიღო. თამაში 29 ივლისს ბათუმში ერთი წლის წინ გახსნილ საფეხბურთო სტადიონზე გაიმართება, რომელიც 20 ათას მაყურებელს იტევს. ამ დღისთვის მატჩის დაწყების დრო უცნობია. რეგლამენტის თანახმად, გულშემატკივარი ვერ დაესწრება მატჩს“, – იუწყება ბრესტის „დინამოს“ პრესსამსახური.

ბრესტის „დინამო“ ევროკამპანიას 22 ივლისს ჩეხეთში გასვლაზე მატჩით დაიწყებს, რომელიც პლზენის „დუშან არენაზე“ გაიმართება. იქვე ბელარუსული კლუბის ცნობაში მითითებულია – თუ ბელორუსში ევროპული ავიაკომპანიების პირდაპირი ჩარტერული რეისები განახლდება, უეფა ბრესტის „დინამოს“ უფლებას მისცემს, საპასუხო მატჩი ბრესტში გამართოს.