„შახტიორმა“ მოიგო, ქართველებს არ უთამაშიათ - დიასამიძე განაცხადშიც არ იყო
ბელორუსის ჩემპიონატში მეექვსე ტური სოლიგორსკის „შახტიორის“ თამაშით დასრულდა – ლაშა შინდაგორიძისა და გეგა დიასამიძის გუნდი გასვლაზე მოქმედ ჩემპიონს, ბრესტის „დინამოს“ ესტუმრა და დამაჯერებლად, ანგარიშით – 0:2 დაამარცხა.
სოლიგორსკელების შემადგენლობაში არც ერთი ქართველი არ ყოფილა – შინდაგორიძე ტრავმირებულია და შესაძლოა, სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშოს. ხოლო გეგა დიასამიძე განაცხადშიც ვერ მოხვდა, რაზეც ბელარუსულმა გამოცემა „პრესბოლმა“ არც ისე სასიამოვნო ინფორმაცია გააჟღერა.
„შინდაგორიძე ტრავმის გამო ვერ თამაშობს. აღმოჩნდა, რომ დიასამიძე განაცხადშიც არ იყო… როგორც ჩანს, წინა ტურში „სლუცკისთან“ ქართველი პლეიმეიქერის საშინელმა თამაშმა მთავარი მწვრთნელი იური ვერნიდუბი მწყობრიდან გამოიყვანა და მკვეთრი ზომები მიიღო, რაც გუნდს წაადგა. ის შეგრძნებაც კი გაქრა, რომ „შახტიორი“ გამუდმებით ათი კაცით თამაშობდა“ – წერს გამოცემა.
თუმცა, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე „შახტიორის“ მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ნახევარმცველის უთამაშებლობის სხვა მიზეზი დაასახელა – მისი თქმით, დიასამიძე გაცივდა და ანგინა აქვს.
ექვსი ტურის შემდეგ სოლიგორსკის „შახტიორმა“ რვა ქულა დააგროვა და და გიორგი ქანთარიას „ნემანთან“ ერთად 10-11 ადგილებს ინაწილებს.