შაბთაი ცური - ისრაელსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ყველა სფეროში ღრმავდება
ისრაელის დამოუკიდებლობის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისში, რუსთაველის თეატრში საზეიმო მიღება და კონცერტი იმართება, სადაც საქართველოში ისრაელის საელჩო მთავრობის წევრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და მიწვეულ სტუმრებს მასპინძლობს.
მიღებაზე მედიასთან საქართველოში ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა საქართველო-ისრაელის ურთიერთობებზე ისაუბრა.
„თუკი 2005-2008 წლებში ისრაელ-საქართველოს შორის კვირაში ერთი ფრენა იყო, ახლა თვეში 200 ფრენაა. 2017 წელს 135 ათასი ტურისტი ჩამოვიდა, 2018 წელს კი – 200 ათასი ჩამოვა. ეს ამტკიცებს, რომ თანამშრომლობა ორ სახელმწიფოს შორის მყარდება და ღრმავდება ურთიერთობის ყველა სფეროში“, – განაცხადა ელჩმა.
მისი შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში წინსვლაზე თბილისში ისრაელის ეკონომიკის მინისტრის პირველი ვიზიტი და ვიზიტის შედეგებიც მეტყველებს.
„დღეს საქართველოს ოფიციალური მოწვევით სტუმრად ეწვია ისრაელის ეკონომიკის მინისტრი, დღეს გაიხსნა ახალი ქარხანა, რომელიც 93 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია იყო“, – განაცხადა შაბთაი ცურმა.
მისი შეფასებით, საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობა ღრმავდება.
„ისრაელი მთელ მსოფლიოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მხრივ 2017 წელს მესამე ადგილზე გამოცხადდა. ისრაელის გამოცდილება და დღეს საქართველოში ახალი ქარხნის გახსნა დიდი მომავალისა და ეკონომიკის განვითარების საფუძველია“, – აღნიშნავს ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაბთაი ცური.
ამასთან, მისი თქმით, ისრაელის სახელმწიფოს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატები თავის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს. ელჩმა ამერიკის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
„მინდა აღვნიშნო, რომ 14 მაისს ისრაელის სახელმწიფოს 70 წლის იუბილეა. ამასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატები თავის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს. პირველ რიგში, დიდი მადლობა დონალდ ტრამპს და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომლებმაც ერთობლივი მუშაობით შეძლეს საელჩოს გადატანა, რაც ამტკიცებს, რომ იერუსალიმი ყოველთვის იყო, არის და იქნება ისრაელის დედაქალაქი“, – განაცხადა შაბთაი ცურმა.
ისრაელმა დამოუკიდებლობა 1948 წლის 14 მაისს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მთავარმა დამაარსებელმა, დავიდ ბენ-გურიონმა ამის შესახებ დეკლარაციას მოაწერა ხელი. ქვეყანაში ამ დღეს, რომელსაც ივრითზე „იომ ჰა აცმაუთს“ უწოდებენ, განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ.