​შაბთაი ცური - ისრაელისა და საქართველოს მეგობრობა მყარ პარტნიორობად ჩამოყალიბდა
​შაბთაი ცური - ისრაელისა და საქართველოს მეგობრობა მყარ პარტნიორობად ჩამოყალიბდა

დიდად ვაფასებთ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსთან გვაქვს როგორც სახელმწიფოებრივ, ასევე ადამიანური ურთიერთობის დონეზე, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, შაბთაი ცურიმ ისრაელის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

„71 წლის წინ ცოტას თუ სჯეროდა, რომ მტრებით გარშემორტყმული, ახლად შექმნილი ქვეყანა გადარჩებოდა და ირწმუნებოდა, რომ ისრაელის სახელმწიფოს შექმნის იდეა კრახს განიცდიდა. დღეს კი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა გვაქვს და საკუთარი ბედის განკარგვა თავად შეგვიძლია. ისრაელმა 71 წლის განმავლობაში უნიკალური, ურთულესი გზა გამოიარა და წინსვლისა და განვითარების უპრეცენდენტო მაგალითი შექმნა. დღესდღეობით იგი ტერორისტებისა და და ბარბაროსების სამიზნეა და სწორედ ამიტომ ერთად უნდა ვიდგეთ მის დასაცავად“, – აღნიშნა საზეიმო ღონისძიებაზე ისრაელის ელჩმა საქართველოში.

შაბთაი ცურიმ ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზეც ისაუბრა.

„მინდა, აღვნიშნო საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული მყარი პარტნიორობა, რომელიც ებრაელი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვან მეგობრობას ემყარება. ისრაელის სახელით, კიდევ ერთხელ ვაცხადებ იმას, რაც არაერთხელ თქმულა – ჩვენ დიდად ვაფასებთ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსთან გვაქვს, როგორც სახელმწიფოებრივ, ასევე ადამიანების ადამიანებთან ურთიერთობის დონეზე. ისრაელისა და საქართველოს მეგობრობა მყარ პარტნიორობად ჩამოყალიბდა. საგრძნობლად გაიზარდა ტურიზმის მაჩვენებლები ორივე ქვეყანაში. თბილისიდან თელ ავივის მიმართულებით ყოველდღიურად ექვსი ფრენა ხორციელდება, ბათუმიდან კი ოთხი. იზრდება ისრაელიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რიცხვი. თუ 2017 წელს საქართველოში ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების რიცხვი 115 000-ს შეადგენდა, 2018 წელს 157 000 იყო. მწამს, რომ 2019 წელს ეს ციფრი 200 000-ს გადააჭარბებს“ – აღნიშნავს შაბთაი ცურიმ.

მისი თქმით, ისრაელის მთავარი გამოწვევა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებაა.

ისრაელელმა ხალხმა სახელმწიფო 1948 წლის 14 მაისს დააფუძნა, რა დროსაც სიონისტმა ლიდერმა, თანამედროვე ისრაელის დამფუძნებლად წოდებულმა დავიდ ბენ-გურიონმა თელ ავივის მუზეუმში ოფიციალურად გამოაცხადა ებრაული სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესახებ და ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას.