დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმა ბოლნისში შეხვედრა გამართეს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებმა მარნეულის შემდეგ, მორიგი შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამართეს. როგორც შეხვედრის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ბოლნისი ყველაზე ცხელი წერტილია, ინფიცირებულია 107 ადამიანი, ოთხი სოფელი ჩაკეტილია.
„ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, გუბერნატორთან ერთად დავგეგმეთ, თუ რა ღონისძიებებია კიდევ დამატებით გასატარებელი. მხედველობაში მაქვს აქტიური გამოვლენა ინფიცირებულების, ანუ ყველა კონტაქტის სწრაფად გამოკვლევა. გაფართოებული ტესტირება დაიწყება ორ სოფელში. რეკომენდაციები გახლავთ ის, რომ მეტი საინფორმაციო მუშაობაა საჭირო მოსახლეობასთან, განსაკუთრებით ეთნიკურ უნცირესობასთან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
რეგიონის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ქვემო ქართლში ყველაზე დიდია გავრცელების მასშტაბი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ეცნობა მხარეში არსებულ ვითარებას.
„ადგილობრივ სამსახურებთან, ეპიდემიოლოგებთან გაიცვალა ინფორმაცია, რომ კიდევ უფრო მასშტაბურად დაიგეგმოს კვლევები. ეს არის ძალიან საჭირო საქმე. დიდი მადლობა ამირან გამყრელიძეს და მის გუნდს.
მიუხედავად დაავადების დიდი გავრცელებისა, მიზნობრივად აბსოლუტურად დიდი სიზუსტით იკვლევენ რისკებს და იდენტიფიცირება ხდება, ეს მასშტაბური კვლევები კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს, დავარეგულიროთ სიტუაცია“, – აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.