„სევილია" ესპანეთის თასის პირველი ფინალისტია
„სევილია" ესპანეთის თასის პირველი ფინალისტია

​ესპანეთის თასის პირველი ფინალისტი “სევილია” გახდა. ნახევარფინალის განმეორებით მატჩში გუნდმა საკუთარ მოედანზე დაამარცხა “ლეგანესი” – 2:0. გოლები ხოაკინ კორეამ და ფრანკო ვასკესმა გაიტანეს, შესაბამისად, მე-15 და 89-ე წუთებზე. კორეასთვის ​ესპანეთის თასზე ეს მეხუთე გოლი იყო და ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

ამ გუნდების პირველი მატჩი “ლეგანესის” მოედანზე 1:1 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ სწორედ “ლეგანესმა” გამოთიშა ესპანეთის თასს მადრიდის “რეალი”.

“სევილიას” ესპანეთის თასის მატჩებში საკუთარ მოედანზე 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (11 მოგება და ერთი ფრე). გუნდის დამრიგებელი ვინჩენცო მონტელა მესამე იტალიელი მწვრთნელი გახდა, ვინც ესპანეთის თასის ფინალში გავიდა. მანამდე ეს შეძლეს კარლო ანჩელოტიმ (“რეალი”) და კლაუდიო რანიერიმ (“ვალენსია”).

“სევილიამ” დაამტკიცა, რომ ნამდვილი სათასო გუნდია – ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ბოლო 12 წელიწადში ეს ამ გუნდის მე-17 ფინალია.

“სევილიას” მეტოქე ფინალში ხუთშაბათს გაირკვევა, როცა “ვალენსია” საკუთარ მოედანზე მიიღებს “ბარსელონას”. ამ გუნდების პირველი მატჩი “კამპ ნოუზე” “ბარსამ” 1:0 მოიგო.