სეულში, ღამის კლუბებში კორონავირუსის გავრცელების გამო, ყველა ბარი დაიკეტა
სეულში, ღამის კლუბებში კორონავირუსის გავრცელების გამო, ყველა ბარი დაკეტეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
როგორც სამხრეთ კორეის დედაქალაქის მერმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბარები და ღამის კლუბები დაუყოვნებლივ უნდა დაიხუროს. მათი გახსნის თარიღი ჯერ უცნობია.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სეულის ერთ-ერთ ღამის კლუბში იმყოფებოდა ინფიცირებული მამაკაცი. მოგვიანებით, ვირუსი ამავე ღამის კლუბში მყოფ 40 პირს დაუდგინეს.
როგორც სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში განაცხადეს, ინფიცირებული მამაკაცი კიდევ ორ ღამის კლუბში იმყოფებოდა. სულ სამივე კლუბში ამავე ღამეს 1946 სტუმარი იმყოფებოდა. მათგან 647 უკვე იდენტიფიცრებულია.
ამასთან, ექიმები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ღამის კლუბებში ვირუსი არა ერთმა, არამედ რამდენიმე ადამიანმა გაავრცელა.
ღამის კლუბებში ვირუსის გავრცელებამდე სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირდებოდა.
სულ სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსის 10 800 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 256 ადამიანი.