სესხის ამომღები ორგანიზაციები მსესხებლის პერსონალურ მონაცემებს ხშირად მესამე პირებზე გასცემენ
კომპანიების მხრიდან პრობლემური სესხების ამოღების პროცესში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით დადგენილი მოთხოვნები კვლავ ხშირად ირღვევა – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ მომზადებულ რიგით მეხუთე ანგარიშში აღნიშნული, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოქალაქეებმა სესხის ამომღები კომპანიების მხრიდან მათი ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციის ოჯახის წევრების, მეზობლების, სოციალურ ქსელებში დამეგობრებული პირების, ან თანამშრომლებისთვის გამჟღავნების ფაქტებზე განაცხადეს.
„საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა, რომ საკრედიტო ორგანიზაციები პრობლემური მსესხებლების მონაცემებს მიზნის არაადეკვატური და არაპროპორციული მოცულობით ამუშავებდნენ. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კომპანიები ისეთ მესამე პირებს უკავშირდებოდნენ, რომლებიც მსესხებელს ხელშეკრულებაში საკონტაქტო პირად მითითებული არ ჰყავდა. ამასთან, სესხის ხელშეკრულება მხარეებს შორის კომუნიკაციის მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ ფორმას (სატელეფონო ნომრით, მისამართზე დაკავშირებით და ელექტრონული ფოსტით) ითვალისწინებდა და მესამე პირებისთვის ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების უფლებას არ მოიცავდა. ამის მიუხედავად, კომპანიები მსესხებლებთან კომუნიკაციის გზად სწორედ მესამე პირების მეშვეობით დაკავშირებას ირჩევდნენ. შესწავლის შედეგად, მთელი რიგი შემთხვევები გამოვლინდა, როდესაც მესამე პირებთან დაკავშირების აუცილებლობა საერთოდ არ არსებობდა, რადგან კომპანიებს მსესხებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საშუალებები სრულად ამოწურული არ ჰქონდათ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ მომზადებულ ანგარიშში საუბარია ერთ-ერთი მოქალაქის მაგალითზე, როდესაც კომპანიამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ გზას მიმართა და მსესხებლის მოძიების მიზნით, მის თანამშრომელს, ასევე, ოჯახის წევრს დაუკავშირდა და განმცხადებლის დავალიანების შესახებ ინფორმაცია გაამჟღავნა.
„ამავე სესხის მართვისას კომპანიამ განმცხადებლის სოციალური ქსელის პირადი გვერდი შეისწავლა, მისი მეგობრების ვინაობა დაადგინა და რამდენიმე მათგანს განმცხადებლის პერსონალური მონაცემების შემცველი სტანდარტული შეტყობინება გაუგზავნა. ამ საკითხის შესწავლისას მონაცემთა დამმუშავებელმა მესამე პირებთან კომუნიკაციის კონკრეტული საჭიროება და მიზანი ვერ დაასაბუთა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მას უშუალოდ მსესხებელთან კომუნიკაციის ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებები სრულად არ ამოუწურავს“, – ნათქვამია ანგარიშში.
შესწავლილი ფაქტებიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საკრედიტო ბიუროს საქმიანობის ნორმატიულ დონეზე რეგულირებისა და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების დაწყებული პროცესის დაჩქარების საჭიროებაზე მიუთითებს.
რაც შეეხება ანგარიშს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინფორმაციით, 2017 წელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 274 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 145 დაჯარიმდა, 53 ფაქტზე გაფრთხილება გაიცა, 76 შემთხვევაზე კი, კანონმდებლობით გათვალისწინებული ორთვიანი ხანდაზმულობის ვადის გამო, პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხდა.
ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ გასულ წლებთან შედარებით, ორგანიზაციები მონაცემთა დამუშავების საფუძვლების იდენტიფიცირებას უკეთ ახდენდნენ. კერძოდ, საჯარო სექტორსა და მსხვილ ბიზნესში გაზრდილია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ინფორმირებულობის დონე.
„აღსანიშნავია სამართალდარღვევების რაოდენობის კლება საჯარო დაწესებულებებში და მატება – კერძო სექტორში. მნიშვნელოვანია, მოქალაქეების აქტიურობის ზრდაც. 4800-ზე მეტი კონსულტაციიდან, რომელიც ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისთვის გაიცა, ნახევარი სწორედ მოქალაქეებზე მოდიოდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.