სერგო თეთრაძის წამების საქმეზე მოსამართლემ განაჩენი შესაძლოა, 16 აპრილს გამოაცხადოს
სერგო თეთრაძის წამების საქმეზე მოსამართლემ განაჩენი შესაძლოა, 16 აპრილს გამოაცხადოს

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდა.

ბრალდებულების, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების, ბაჩანა ახალაიასა და ნიკოლოზ ძიმცეიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქმეში ბრალის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობს.

ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, ბრალდება ეფუძნება მოწმეების ირიბ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, რომელიც ვერ ადასტურებს ბაჩანა ახალაიას ბრალდებებს.

მისივე შეფასებით, ეს სამართლებრივი პროცესი არ არის და ახალაიას წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

თუმცა პროკურორ მაია ჯვარშეიშვილის განცხადებით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და საქმეში ყველა სახის მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაულს ადასტურებს. ბრალდების მხარე იმედოვნებს, რომ მოსამართლე ლელა შკუბულიანი გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

განაჩენის გამოტანამდე, 16 აპრილის სხდომაზე ბაჩანა ახალაია დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს და შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. განაჩენი შესაძლოა, იმავე დღეს გამოცხადდეს.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს გამოძიება წამებასა და წამების ორგანიზებას ედავება, რაც 11 დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე საქმეზე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება გამოძიება მეგის ქარდავასა და ნიკოლოზ ძიმცეიშვილს.

თუმცა იმის გამო, რომ პროკურატურის მიერ მეგის ქარდავას მიმართ დაწყებულია საექსტრადიციო პროცედურები, მისი საქმე ცალკე ეპიზოდად გამოიყო.