სერგო რატიანი - რაც გააკეთა არჩილ თალაკვაძემ, სამარცხვინო იყო, ჩვენი უფლებაა, პატიმრებს მონიტორინგი გავუწიოთ
2012 წლიდან არც ერთ სპიკერს არ უკადრებია ციხეში დეპუტატის შესვლის აკრძალვა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა პარლამენტის ბიუროს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
სერგო რატიანის თქმით, პატიმრებს მონახულება დეპუტატების უფლებაა და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ქმედება სამარცხვინოა.
„საფუძვლიანი ეჭვია, რომ პატიმრებზე ზეწოლა ხორციელდება. ადვოკატმა თქვა, რომ ბუდაღაშვილზე ზეწოლა ხორციელდება. თამლიანმა ოპერაცია გაიკეთა და არ გვიშვებენ, რომ მისი მდგომარეობა ვნახოთ. თურმე, ბოიკოტის რეჟიმში ვართ, რაც ჩვენი უფლებაა. პატიმრებთან შესვლა ჩვენი პრივილეგია კი არ არის, ჩვენი მოვალეობაა, რომ ისინი მოვინახულოთ. ეს ადამიანები მძევლად ჰყავთ. 2012 წლიდან არც ერთ სპიკერს არ უკადრებია ციხეში დეპუტატის შესვლის აკრძალვა. მარიონეტის მარიონეტები აღარ არიან და ამიტომ. ეს არის მისი დისკრეცია. რას ნიშნავს, ხოში როცა ექნება და კარგად შემოგვხედავს არჩილ თალაკვაძე? ადამიანები ნაწამები ჰყავთ, მძევლად აიყვანეს, ზეწოლაა, რომ ხელი დაადონ მელიას, უგულავას, ეს ვითარებაა ციხეში. ეს ადამიანები არიან მძევლები, რომელთაც პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონიათ. ბუდაღაშვილი არ მხვდებოდა, პოლიტიკოსები არ მიყვარსო. დღეს ირკვევა, რომ მძიმე მდგომარეობაშია. როცა თავად არ გვხვდებოდა, არც ვხვდებოდით“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხმაური იყო. ბიუროს სხდომაზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა და „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი, რომლებიც პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან. თინა ბოკუჩავამ არჩილ თალაკვაძისგან მოითხოვა პასუხი, შეუშვებდნენ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულების მოსანახულებლად. თინა ბოკუჩავას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე მათ ამ უფლებას უზღუდავს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ბიუროს დღის წესრიგი დახია.