დაბრძანდით და შეიკარით ღვედები - ხმაური და დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ბიუროს სხდომაზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა და „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი, რომლებიც პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან. თინა ბოკუჩავამ არჩილ თალაკვაძისგან მოითხოვა პასუხი, შეუშვებდნენ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულების მოსანახულებლად. თინა ბოკუჩავას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე მათ ამ უფლებას უზღუდავს.

თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან მივიდა და სხდომის წაყვანის საშუალება აღარ მისცა.

„ახლა აგიხსნით, დამნაშავე ვინ არის. ორ წამში აგიხსნით. დავიწყოთ ახლა იმით, რომ პირველ რიგში, თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც თან ბოიკოტის წერილებს წერთ, თან პარლამენტში ბიუროს სხდომას ესწრებით. ჩამოყალიბდით. არ ესწრებიან, მეგობრებო, ბიუროს სხდომას არ ესწრებიან. პასუხი მოისმინეთ და ეპატაჟი დაასრულეთ. ადგილზე დაბრძანდით, თითს ნუ მიქნევ. დაჯექი თავის ადგილას. გაიყვანეთ აქედან, თუ შეიძლება, ქალბატონი ბოკუჩავა. ეპატაჟი დაასრულე და დამელოდე. მაშინ მიბრძანდი სხდომიდან. კითხვაზე გინდათ პასუხი? დაჯექი და აგიხსნი, დაბრძანდი, ვერავის შეაშინებ ფეხზე წამოდგომით. დაბრძანდით თქვენს ადგილზე და ღვედები შეიკარით. დაბრძანდით თქვენს ადგილას. სავარძელში დაბრძანდით და ღვედები შეიკარით, გირჩევთ“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ თინა ბოკუჩავას.

„ბიუროზე შემოვედით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შევიდეთ ციხეში, გვითხარით, გვიშვებთ თუ არა ციხეში დაკავებულების მოსანახულებლად. ბუტაფორია ხართ თავიდან ბოლომდე, არავინ არაფერს გეკითხება. ეს გასაგებია, მაგრამ ადამიანობა მაინც გამოიჩინეთ, შეგვიშვით ციხეში“, – უპასუხა თინა ბოკუჩავამ არჩილ თალაკვაძეს.

 

დატოვე კომენტარი