სერგო რატიანი - მმართველ გუნდს თავის კანდიდატი ჰყავს და მას სალომე ზურაბიშვილი ჰქვია
მმართველ გუნდს თავის კანდიდატი ჰყავს და მას სალომე ზურაბიშვილი ჰქვია, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.
„არანაირი დამოუკიდებელი კანდიდატი არ არსებობს. ეს უბრალოდ რაღაც უცნაური თამაშებია. მმართველ გუნდს თავის კანდიდატი ჰყავს და მას სალომე ზურაბიშვილი ჰქვია. რაც შეეხება ამ ფიგურას, ვფიქრობ, რომ იმის შემდეგ, რაც მან განაცხადა საქართველოს მხრიდან ომის დაწყებასთან დაკავშირებით, უბრალოდ წარმოუდგენელია, როდესაც დღეს საქართველოს მმართველი ძალა ამ კანდიდატს მხარს უჭერს. ეს „ქართული ოცნების“ სრული ლუსტრაციაა. ეს ის არის, რისკენაც ამ წლების განმავლობაში მიდიოდნენ, რასაც შეფარვით თუ ცხადად ამ ამბობდნენ. ის, რომ საქართველომ ომი დაიწყო, დღეიდან „ქართული ოცნების“ სავიზიტო ბარათი ხდება“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს და მხარდაჭერას დამოუკიდებელ კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილს უცხადებს. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს გუშინდელი სხდომის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.