სერგო რატიანი - გვინდა, ვიცოდეთ, როდის შეხვდება განათლების მინისტრი საპარლამენტო უმცირესობას
სერგო რატიანი - გვინდა, ვიცოდეთ, როდის შეხვდება განათლების მინისტრი საპარლამენტო უმცირესობას

„ევროპული საქართველო“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილისგან პასუხს ითხოვს, რატომ არ გაითვალისწინა უწყებამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაცია.

პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატი სერგო რატიანი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენის გადადების საკითხს გამოეხმაურა და ეს გაჭიანურებად შეაფასა.

მისი თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ მინისტრი ბატიაშვილი პარლამენტში უმცირესობასთან შესახვედრად დაიბარა, თუმცა ამ დრომდე სამინისტროსგან პასუხი არ მიუღია.

„ევროპულ საქართველოს“ განათლების მინისტრი უმცირესობასთან შესახვედრად დაბარებული ჰყავდა და ჰყავს. დღემდე პასუხი არ მიგვიღია. ამის მაგივრად, განათლების კომიტეტმა და განათლების სამინისტრომ შემოგვთავაზა, რომ კომიტეტზე აუდიტის ანგარიშის განხილვა ყოფილიყო. სინამდვილეში, დღეს მთავარი პრობლემა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში მომხდარი ტრაგედიის განხილვაა. კომიტეტზე განხილვა გადადებულია. ეს ჩვენგან, პირველ რიგში,  როგორც გაჭიანურება აღიქმება. აუდიტის სამსახურის უფროსი აქამდე გათავისუფლებული უნდა ყოფილიყო, რადგან ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემსწავლელმა კომისიამ დასკვნა და რეკომენდაცია დადო,  რომლის თანახმადაც აუდიტის სამსახურის უფროსი ანგარიშს კი არ უნდა კითხულობდეს, არამედ უკვე გადამდგარი უნდა იყოს. ჩვენი მოთხოვნაა, მინისტრმა გაგვცეს პასუხი, რატომ არ გაითვალისწინა კომისიის დასკვნა“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

ამასთან, „ევროპული საქართველო“ მოითხოვს პასუხს, როდის მივა უმცირესობასთან შესახვედრად საკანონმდებლო ორგანოში განათლების მინისტრი.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა ოთხი დღით გადაიდო. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მედიასთან განაცხადა, სხდომის პარასკევს ჩატარება, ანგარიშის სრულყოფილად მომზადების მიზნით, სამინისტრომ მოითხოვა.