პარლამენტში განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის ანგარიშის მოსმენა ოთხი დღით გადაიდო
პარლამენტში განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის ანგარიშის მოსმენა ოთხი დღით გადაიდო

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა ოთხი დღით გადაიდო.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მედიასთან განაცხადა, სხდომის პარასკევს ჩატარება, ანგარიშის სრულყოფილად მომზადების მიზნით, სამინისტრომ მოითხოვა.

მისივე ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში ინსპექტირება 98 სკოლაში განხორციელდა, მათ შორის ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაშიც, რომლის შემოწმების შედეგად, იმდროინდელი დირექტორი ია კერზაია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მაშინ კერზაია დირექტორის პოსტიდან მოხნას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკავშირებდა. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კი ყოფილი დირექტორი ინსულტით გარდაიცვალა.

„ვფიქრობ, სრული სურათის დანახვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი კომიტეტისთვის და სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩავთვალე დამატებითი დროის მიცემა სამინისტროსთვის. 28 დეკემბერს ჩვენ გვექნება სხდომა და განვიხილავთ გენერალური ინსპექციის მიერ 2018 წლის განმავლობაში ჩატარებული ყველა სკოლის ინსპექციის შემთხვევას, ზოგად სურათს. ვფიქრობ, სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე, ჩვენ გვექნება უფრო მეტი ანალიზის საშუალება ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.