სერგო რატიანი განათლების სამინისტროს მიმართავს, აბიტურიენტთა მეორადი ჩარიცხვის პროცესი დაიწყოს
სერგო რატიანი განათლების სამინისტროს მიმართავს, აბიტურიენტთა მეორადი ჩარიცხვის პროცესი დაიწყოს

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი განათლების სამინისტროს მიმართავს, აბიტურიენტთა მეორადი ჩარიცხვის პროცესი დაიწყოს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რატიანმა განაცხადა, ბევრი სტუდენტია ისეთი, რომელთაც გამოცდები ჩააბარეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლო დაწესებულებებს არასაკმარისი ჩამონათვალი ჰქონდათ, ისინი უნივერსიტეტში ვერ ჩაირიცხნენ.

დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, მეორადი ჩარიცხვის პროცესი სტუდენტებისა და უმაღლესი სასწავლებლებისთვისაც.

„მძიმე ეკონომიკური კრიზისია და ამ კრიზისის პერიოდში სტუდენტების ნაკლებობა არის განსაკუთრებული პრობლემა. მოვუწოდებ განათლების მინისტრს, გამოაცხადოს განმეორებითი ჩარიცხვები. ეს არ არის პრობლემა“,- განაცხადა რატიანმა.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2020 წლის ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 31 აგვისტოს გამოაქვეყნა. წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა.