სერგო მეთოფიშვილი - ნაზი ჯანეზაშვილს პიროვნულად აქვს პრობლემა და მოვუწოდებ კორექტულობისკენ
ნაზი ჯანეზაშვილს პიროვნულად აქვს პრობლემა, – ასე მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა ნაზი ჯანეზაშვილს საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული მეცხრე საკითხის განხილვისას, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატების შემადგენლობის განსაზღვრას გულისხმობს.
საკითხის ინიციატორი საბჭოს წევრი ირაკლი შენგელია ითხოვს, რომ მოსამართლე მერაბ ლომიძე სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატიდან სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადავიდეს. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მოსამართლეთა სიმცირის გამო სამოქალაქო საქმეთა პალატაში რთული მდგომარეობაა, შენგელია აცხადებს, რომ შეხვდა ადმინისტრაციულ პალატაში ყველა მოსამართლეს და შესთავაზა სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადასვლა, რაზეც თანხმობა მხოლოდ ერთმა მოსამართლემ გამოთქვა.
საკითხს სხდომაზე ხმაური მოჰყვა. საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლე მერაბ ლომიძის განაცხადის ის ფორმა დაიწუნა, რომლის მიხედვითაც მიმართა საბჭოს თანამდებობის შეცვლის მოთხოვნით. მისივე თქმით, განცხადებაში რამდენიმე ხარვეზია. საბოლოოდ, საბჭომ საკითხზე იმსჯელა და ირაკლი შენგელიას მოთხოვნა დააკმაყოფილა.
„შეუსაბამობაა თქვენს ნათქვამსა და ამ განცხადებას შორის.ანუ ეს ადამიანი, თანხმობას აცხადებს თუ მოითხოვს გადაყვანას?!ჯერ ერთი, წერილში მიმართავს გიორგი მიქაუტაძეს, არადა პირველ რიგში, საბჭოს უნდა მიმართოს. თქვენ ხართ საკითხის წარმდგენი. ძალიან შეუსაბამობაა ყველაფერთან ერთად, ფორმალურ მხარეებს ვგულისხმობ. საკითხს სხდომაზე მხოლოდ მდივანი წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, მაშინ სჯობდა პირადად მოგეყვანათ სხდომაზე, მოსულიყო ეს ადამიანი, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ თანახმაა“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.
ამასთან, ჯანეზაშვილმა საბჭოს მდივანს მიმართა, რომ კონკრეტული მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი მისი ამ საუბრის დროს „ღლიცინებდა“. ჯანეზაშვილის რეპლიკას უპასუხა, სერგო მეთოფიშვილმა.
„რას ჰქვია, მოგეყვანათ. ეთიკურად ისაუბრეთ. ქალბატონ ნაზის პიროვნულად აქვს პრობლემა. მოვუწოდებ კორექტულობისკენ, თუმცა აქ ამაზე არ არის საუბარი. საუბარია იმაზე, რომ მოსამართლე მერაბ ლომიძე მოვიყვანოთ აქ და კითხვები დავუსვათ. როცა ჩემს შეურაცხყოფაზეა საუბარი, შეიძლება, მოვითმინო. ქალბატონ ნაზიბროლასგან მეტიც მომითმენია და პრობლემა არ არის, მაგრამ როდესაც მოსამართლეზეა საუბარი, ყოველთვის დავიცავ. აქ მოყვანებს დავანებოთ თავი. აქ პარტიული მუშაკი, ხელმძღვანელი და ზედამხედველი არავინ არის. დავანებოთ თავი მოყვანებს. ის დრო დამთავრდა და მორჩა, ვისაც თავში გიდევთ მოყვანები. მოსამართლეს აქ არ მოგაყვანინებთ ქალბატონო ნაზიბროლა ისე, რომ კითხვა დაუსვათ. მოსაყვანი არავინ არის. თქვენი არაკომპეტენტურობის აპოგეაა, როცა ამბობთ, რომ 37-ე მუხლით გადავიყვანოთ მოსამართლე პალატიდან პალატაზე“, – განაცხადა მეთოფიშვილმა.