სერგო მეთოფიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს მოუწოდებს, ნაზი ჯანეზაშვილის გავლენის ქვეშ არ მოექცეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს, ქეთევან ცინცაძეს მოუწოდებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის გავლენის ქვეშ არ მოექცეს, – ამის შესახებ მეთოფიშვილმა ნაზი ჯანეზაშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელიც სერგო მეთოფიშვილს დამოუკიდებელ ინსპექტორთან უჩივის.
„მოვუწოდებ, დამოუკიდებელ ინსპექტორს, რომ არ მოექცეს ნაზი ჯანეზაშვილი შანტაჟის, გავლენის ქვეშ და მიუხედავად დაშანტაჟებისა, დარჩეს ობიექტური, დამოუკიდებელი და მიუკერძეობელი“, – განაცხადა მეთოფიშვილმა.
მისი შეფასებით, ჯანეზაშვილის განცხადება, რომ მეთოფიშვილის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ინსპექტორის დამოუკიდებლობის ხარისხის ტესტი იქნება, შანტაჟი იყო.
სერგო მეთოფიშვილის თქმით, ჯანეზაშვილის სარჩელი სამართლებრივი აბსურდია.
„ჩემი აზრით, ეს არის სამართლებრივი აბსურდი, რომ დამოუკიდებელ ინსპექტორს საჩივრით მიმართოს ეთიკის ნორმების დარღვევის გამო, თუ ვთქვათ საბჭოს სხდომებზე რაღაც კამათი მოგვივიდა. ეს არის სამართლებრივად აბსურდი. სხვათაშორის, ეს ადამიანი ანალოგიურ სამართლებრივად აბსურდულ განცხადებებს ხშირად აკეთებს, რაც მხოლოდ მისი კომპეტენციის დაბალ ხარისხზე მეტყველებს“, – განაცხადა მეთოფიშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზე ჯანეზაშვილის 20 ივნისის განცხადებაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, აღნიშნა, რომ სარჩელის წარდგენის უფლება ყველას აქვს და მას დამოუკიდებელი ინსპექტორი განიხილავს.
„ნაზი ჯანეზაშვილი 20 ივნისს უკვე აშანტაჟებს დამოუკიდებელ ინსპექტორს, რადგან ამბობს, რომ ეს იქნება ერთგვარი ტესტი იმისა, რამდენად დამოუკიდებელია ინსპექტორი. ეს არის ქალბატონი ნაზიბროლა ჯანეზაშვილის მხრიდან დაშანტაჟება დამოუკიდებელი ინსპექტორის მიმართ. წინასწარ აშანტაჟებს, რომ თუ მეთოფიშვილის გამონათქვამებში ეთიკის ნორმების დარღვევას ვერ ნახავს, ის დამოუკიდებელი არ არის“, – აცხადებს სერგო მეთოფიშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს, ქეთევან ცინცაძეს მიმართა, შეისწავლოს 2018 წლის 11 ივნისის სხდომაზე მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები. ჯანეზაშვილის შეფასებით, აღნიშნულ განცხადებაში მეთოფიშვილმა მის შესახებ არაეთიკურად ისაუბრა, რისი მიზანიც პირადი შეურაცხყოფა იყო.