ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს მიმართავს
ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს მიმართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს, ქეთევან ცინცაძეს მიმართავს, საბჭოს მოსამართლე წევრების განცხადებებითა და ქმედებებით დაინტერესდეს.

ჯანეზაშვილის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა მოქმედებები თუ განცხადებები ხშირ შემთხვევაში, მოსამართლის მაღალ სტატუსს და მოსამართლის ეთიკის სტანდარტებს არ შეესაბამება.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შექმნილი ვითარება ფართოდ შუქდება მედიის მეშვეობით, სადაც არაერთი ინფორმაცია გავრცელებულა მსგავსი შემთხვევების შესახებაც, თუმცა ჩემთვის დღემდე უცნობია, დაინტერესდა თუ არა დამოუკიდებელი ინსპექტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების საკითხით, რომლებიც, ჩემი ღრმა რწმენით, ხშირად არღვევენ მოსამართლის ეთიკის სტანდარტებს“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისი შეფასებით, მოსამართლე უნდა უფრთხილდებოდეს მართლმსაჯულების პრესტიჟს და სასამართლოს შენობაში თუ მის გარეთ, არ იქცეოდეს სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის თანამდებობისთვის შეუფერებლად. ამავე დროს, მოსამართლემ თავის განცხადებაში უნდა გამოიჩინოს სათანადო კორექტულობა, არ გამოიყენოს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი სიტყვები და გამოთქმები ან დისკრიმინაციული ტერმინოლოგია.

როგორც ჯანეზაშვილის აცხადებს, მოსამართლე საჯაროდ არ უნდა გამოხატავდეს უარყოფით აზრს ან შეხედულებას სხვა მოსამართლისა და კოლეგის პროფესიონალიზმსა თუ პირად თვისებებზე.

ის მაგალითად იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრ სერგო მეთოფიშვილს ასახელებს და აცხადებს, რომ მეთოფიშვილი აღნიშნულ დებულებებს უგულებელყოფს.

„ეს გამოიხატება იმაში, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე მისი გამოსვლები და შეფასებები გაჯერებულია არაეთიკური გამონათქვამებით, ცინიზმითა და ცრუ ინფორმაციით ჩემ მიმართ. სერგო მეთოფიშვილი უკვე დანიშნულია მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ, ასევე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ ერთდროულად უკავია რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა სასამართლო სისტემაში, საზოგადოებაში წარმოდგენილია, როგორც გამორჩეული ფიგურა და სასამართლოს სახე. ამიტომ, სასამართლოს ავტორიტეტისა და სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გამოიკვლიოს სერგო მეთოფიშვილის საკითხი“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ის მოუწოდებს  დამოუკიდებელ ინსპექტორს, შეისწავლოს 2018 წლის 11 ივნისის სხდომაზე მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები. ჯანეზაშვილის შეფასებით, აღნიშნულ განცხადებაში მეთოფიშვილმა მის შესახებ  არაეთიკურად ისაუბრა, რისი მიზანიც პირადი შეურაცხყოფა იყო.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აცნობოს, რა რეაგირება მოახდინა 2018 წლის 30 მარტს „კოალიცია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისათვის“ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც საუბარია ჩემ მიმართ დისკრიმინაციის შემცველი გამონათქვამების შესახებ, რაც კოალიციამ შეაფასა, როგორც საბჭოში განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით განხორციელებული ქმედებები“, – აცხადებს ჯანეზაშვილი.

ამასთან, ის მოითხოვს, ინსპექტორმა  შესაბამისი რეაგირება მოახდინოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ N6 ანგარიშზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განსხვავებული აზრი იდევნება და რომ საზოგადოებას ხშირად უხდებოდა, საბჭოს სხდომებზე მოესმინა ხმამაღალი საუბარი, პერსონალური ხასიათის არაეთიკური ბრალდებები და აგრესიული განცხადებები, რომლებსაც არაფერი ჰქონდა საერთო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საგნობრივ, არგუმენტირებულ დისკუსიასთან.

ამასთან, ჯანეზაშვილი მოითხოვს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი დაესწროს ან გაეცნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს; დააკვირდეს არსებულ ვითარებას, მოსამართლე წევრების ქცევებს, განცხადებებს და გამონათქვამებს, რათა გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.