სერგო მეთოფიშვილი - ე.წ. არასამთავრობო სექტორი უსაფუძვლოდ გვდებს ბრალს, რომ ქონებრივი მდგომარეობის შემოწმებას გავურბივართ, თავად კი რამდენიმეგვერდიანი დეკლარაციის წარდგენა არ სურთ
ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული კომისია ყოველწლიურად ერთსა და იმავე, 40-მდე მოსამართლეს ირჩევს მონიტორინგის განსახორციელებლად. რა ნიშნით ხდება მონიტორინგს დაქვემდებარებული მოსამართლეების შერჩევა? სხვა რა არის დისკრიმინაციული მოპყრობა, თუ არა რაციონალური ახსნის გარეშე პირთა გარკვეული ჯგუფისადმი განსხვავებული მოპყრობა? – ამის შესახებ მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც მეთოფიშვილი წერს, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ მონიტორინგის პროცესში წარდგენილი ინფორმაციების კონფიდენციალურობა კომისიის მხრიდან დაცული არ არის.
ამასთან, ფეისბუქპოსტში მეთოფიშვილი განმარტავს, რომ მოსამართლეებს „საეჭვოდ წარმართულ მონიტორინგზე“ ლეგიტიმური შეკითხვები ჰქონდათ და ამიტომ მიმართეს სარჩელით სასამართლოს.
„მსურს, გამოვეხმაურო ქართული ე.წ. არასამთავრობო სექტორის და ზოგიერთი ანგაჟირებული მედიასაშუალების მიერ მორიგ, ჭიქაში ატეხილ ქარიშხალს, რომელიც რატომღაც „სკანდალურ ინფორმაციად“ მოინათლა. არადა – საკითხი, თავისი შინაარსით, უმარტივესია და წარმოადგენს ყოველი ადამიანისათვის კონსტიტუციით გარანტირებული, სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზაციას, რათა საზოგადოებას, ერთხელ და სამუდამოდ, მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია. მივყვები თანმიმდევრულად.
დღეს გავრცელდა „სკანდალური ინფორმაცია“, რომ, ჩემი და კიდევ სამი კოლეგის მოთხოვნით, სასამართლომ შეაჩერა ჩვენ მიერ წარდგენილი, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების მონიტორინგის პროცესი (სარჩელები ორ კვირაზე მეტია, წარდგენილია სასამართლოში. ალბათ დამთხვევაა, რომ რატომღაც დღეს გაახსენდათ ამის შესახებ). მავანთა მტკიცებით, თურმე ეს არის გამოხატულება, რომ ჩვენ გვეშინია ჩვენი ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების, რადგან ამ შემოწმებით გამოაშკარავდება ჩვენი ვითომდა კორუმპირებულობის ფაქტი.
დავიწყებ იმით, რომ არც მე და არც ჩემს კოლეგებს არაფრის გვეშინია, მით უმეტეს, ჩვენი ქონებრივი მდგომარეობის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართული შემოწმების პროცედურისა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიჩნდება კითხვები, რომლებიც პასუხგაუცემელია დღემდე და მაფიქრებინებს, რომ ეს მორიგი აჟიოტაჟიც სასამართლოს მიმართ წლების მანძილზე მიმდინარე ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროსთან არსებული, ე.წ. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული კომისია ყოველწლიურად ერთსა და იმავე, 40-მდე მოსამართლეს ირჩევს მონიტორინგის განსახორციელებლად. უკვე სათვალავი აგვერია, იმდენჯერ ვიყავით მონიტორინგში და იმდენჯერ მოგვიწია ჩვენი დეკლარაციების სიზუსტის დადასტურება, დამატებით წარდგენილი მტკიცებულებებით. ჩვენი პირველი შეკითხვაც სწორედ ესაა: რატომ და რა ნიშნით ხდება მონიტორინგს დაქვემდებარებული მოსამართლეების შერჩევა? განა, სხვა რა არის დისკრიმინაციული მოპყრობა, თუ არა რაციონალური ახსნის გარეშე პირთა გარკვეული ჯგუფისადმი განსხვავებული მოპყრობა?
ასევე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვიც, რომ ჩვენ მიერ მონიტორინგის პროცესში წარდგენილი, ჩვენი პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციების კონფიდენციალურობა ამ კომისიისაგან დაცული არ არის და ეს ინფორმაცია ხვდება მავანთა ხელში. დეტალებზე ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ, თუმცა ამ საკითხზე სიღრმისეულად ვისაუბრებთ სწორედ სასამართლო განხილვისას.
ჩვენ დაგვდეს ბრალი, რომ ვაფერხებთ მონიტორინგის პროცესს. ეს მტკნარი სიცრუეა. როგორ უნდა შევაფერხო ჯერ კიდევ წარუდგენელი დეკლარაციის (შემოდგომაზე გვიწევს ძირითადად დეკლარაციების წარდგენა) მონიტორინგი? ჩემ მიერ სასამართლოსათვის მიმართვის მიზანი არის ერთადერთი: სხვაგვარად, ამ ლეგიტიმურ შეკითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებდით. სარჩელში კიდევ სხვა ნიუანსებიცაა და მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა ეს საკითხი წამოგვეჭრა სამსჯელოდ სწორედ დეკლარაციების წარდგენამდე, სასამართლო განხილვების ფარგლებში“, – წერს მეთოფიშვილი.
მეთოფიშვილის განცხადებით, მოსამართლეებს უსაფუძვლოდ სდებენ ბრალს, რომ ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების პროცესს გაურბიან.
„უცნაურია ე.წ. არასამთავრობო სექტორის ლოგიკა, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ბრალს გვდებენ, თითქოს გავურბივართ ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების პროცესს. თავად კი რამდენიმეგვერდიანი დეკლარაციის წარდგენაც კი არ სურთ მათი დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. სხვა სიტყვებით, რატომ ითვლება „ევროპულ“ სტანდარტად დეკლარაციის საერთოდ შეუვსებლობა, ხოლო საეჭვოდ წარმართულ მონიტორინგზე ლეგიტიმური შეკითხვების დასმა სასამართლო დავის ფარგლებში – „ევროინტეგრაციის“ შეფერხებად და ალბათ „რუსულ“ სტანდარტად? გარდა ამისა, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია და წინააღმდეგობრივი ოპონენტების ლოგიკა – არსებული მექანიზმი არაფრისმომცემი თუ არის და აუცილებელია ე.წ. ვეტინგის შემოღება მოსამართლეთათვის, მაშინ რატომღა არის ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი „არაფრისმომცემი“ პროცედურის ლეგიტიმურობის თაობაზე ჩვენ მიერ დაწყებული დავის შესახებ?“ – წერს სერგო მეთოფიშვილი.