სერგო ჩიხლაძე - უბარიერო პროპორციული სისტემა ოპოზიციის პაკეტის ნაწილია, აქედან ამოგლეჯილი ერთი საკითხის განსახილველად შესვლა-გამოსვლა არასერიოზულია
უბარიერო პროპორციული სისტემა ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი პაკეტის ნაწილია, აქედან ამოგლეჯილი ერთი საკითხის განსახილველად შესვლა-გამოსვლა არასერიოზული და არასწორია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
ჩიხლაძის თქმით, საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ განიხილება ოპოზიციის მიერ მოთხოვნილი პაკეტის ყველა პუნქტი.
ამასთან, ჩიხლაძის ინფორმაციით, მომდევნო კვირაში ოპოზიციური პარტიების შეკრება იგეგმება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ამაზეც იმსჯელებენ.
„წინადადება, ცალკე აღებული, საკმაოდ მნიშვნელოვანია თუმცა, ეს არის იმ პაკეტის ნაწილი, რა მოთხოვნებიც გვაქვს მთლიანად ოპოზიციას. შესაბამისად, პაკეტიდან ამოგლეჯილი ერთი საკითხის განხილვა და ამაზე შესვლა-გამოსვლა არასერიოზულია. ამ ლოგიკით მაშინ სხვა საკითხებზეც ასე ნაწილ-ნაწილ უნდა შევიდეს და გამოვიდეს ოპოზიცია. განხილული თუ იქნება მთლიანი პაკეტი, რომელშიც შედის ვადამდელი არჩევნების, პროპორციული სისტემის, საარჩევნო კოდექსის და ა.შ. საკითხები, ამ შემთხვევაში აზრი აქვს მსგავს პროცესს. ამის განხილვა რომ მოხდეს, მოლაპარაკება უნდა გაიმართოს და ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგეს. ამ პაკეტიდან ცალკე ამოგლეჯილი თუნდაც მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისთვის ერთჯერადად ან სამჯერადად პარლამენტში შესვლა არ მგონია, რომ ტაქტიკურად სწორი იყოს.
რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“, არ მგონია შეთქმულების თეორიები, რომ ერთხელ შევლენ და მერე დარჩებიან. ეს უბრალოდ მათი გაჟღერებული წინადადებაა და შესაბამისად, ვამბობთ, რომ არათანმიმდევრულია და ტაქტიკურად არასწორია. ნუ დავაბნევთ ამომრჩეველს, ამ საკითხის წინააღმდეგი არავინ არის, რომ ნებისმიერი შემდეგი არჩევნები გაიმართოს სრულად პროპორციული სისტემით. ისეთი შთაბეჭდილება ნუ შეიქმნება, რომ „რესპუბლიკელები“ მომხრე არიან და სხვა ოპოზიცია – არა. ამის მომხრე ვართ, მაგრამ ეს არის 20-30 საკითხიდან ერთ-ერთი და აქედან ამოგლეჯილი ერთი საკითხი და ამის გამო პარლამენტში შესვლა და მერე გამოსვლა, ეს არის დამაბნეველი და არასწორი.
დიდი ოპოზიციური შეხვედრა იგეგმება იმ კვირაში და ყველა საკითხი განიხილება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
„რესპუბლიკური პარტია“ მზადყოფნას გამოთქვამს, უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს. სამნიძე განმარტავს, რომ პარტია პარლამენტის ბოიკოტს გააგრძელებს, თუმცა მზად არის, უბარიერო პროპორციული არჩევნების საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.