სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის არასწორი პოზიცია. პრეზიდენტი საუბრობდა კრიზისის, კონფრონტაციის დასრულებაზე და ამისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა სააკაშვილის შეწყალება, რაც მრავალ პრობლემას მოაგვარებდა. მათ შორის დაძაბულ ვითარებას და კრიზისს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მეხუთე პრეზიდენტი არის ის ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ, გმობდა პირველ პრეზიდენტს, მიესალმა მის ჩამოგდებას და დამხობას.
„როგორც ჩანს, იგივეს აკეთებს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლესთან დაკავშირებით, რაც ცუდი გზავნილია. შეიძლება, ყოველი დღე ფატალური გახდეს და მას გასაღები ხელში აქვს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქროს და სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გადაჭრას. სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და დამნაშავე არის თუ არა, ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, მაგრამ რომელმა, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლომ? დამნაშავეა თუ არა, ამას მე მეკითხებით, მოსამართლე ვარ? თუ სამი ათასი პატიმრის კერძო კლინიკაში გადაყვანა მოხდა, რატომ არ ხდება ეს სააკაშვილის მიმართ? დამნაშავეებსაც იწყალებენ, მათ შორის ზურაბიშვილმა ნარკორეალიზატორები შეიწყალა, მკვლელები და მძიმე დანაშაულში შემჩნეული ადამიანები. მას არავინ სთხოვს, გაარკვიოს ვინაა დამნაშავე და ვინ არა, ის არ არის მოსამართლე, მას აქვს დისკრეცია, რომ შეიწყალოს ყველა ადამიანი. ვაკრიტიკებ იმიტომ, რომ თუ ამ დისკრეციას მკვლელების შემთხვევაში იყენებს, რატომ არ იყენებს მესამე პრეზიდენტის შემთხვევაში? ანუ, მკვლელი შეიძლება შევიწყალოთ და მესამე პრეზიდენტი შეიძლება დავტოვოთ ციხეში და მოკვდეს, ეს არის ზურაბიშვილის უღირსი საქციელი“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ არ აპირებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.
„ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასოდეს. პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის მსხვერპლის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.