სერგო ჩიხლაძე - საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები ერთსულოვნები ვართ, გამონაკლისია პარტია „საქართველოსთვის“, ვერ მოვისმინე დასაბუთება, რატომ არიან წინააღმდეგნი
სერგო ჩიხლაძე - საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები ერთსულოვნები ვართ, გამონაკლისია პარტია „საქართველოსთვის“, ვერ მოვისმინე დასაბუთება, რატომ არიან წინააღმდეგნი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განაცხადებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არის ყველაზე ეფექტური ბერკეტი შოვში მომხდარი სტიქიის გარშემო არსებულ კითხვებზე პასუხების გასაცემად.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები ერთსულოვნები არიან, თუმცა გამონაკლისია პარტია „საქართველოსთვის“.

„საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არის ყველაზე ეფექტური, კომპლექსური საგამოძიებო ბერკეტი, რომელსაც შეუძლია, გამოიძიოს ყველა თანამდებობის პირის საქმიანობა, დაწყებული პრემიერ-მინისტრით, დამთავრებული მინისტრებითა და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებით. ეს იქნება ყველაზე გამჭვირვალე პროცესი და, ვფიქრობ, ბევრ საკითხს, რასთან დაკავშირებითაც კითხვას პასუხს არ სცემს „ქართული ოცნება“, საგამოძიებო კომისიით აეხდება ფარდა. კითხვა ბევრია, დაწყებული წინასწარი შეტყობინებების სისტემიდან, ასევე რატომ არ გვაქვს ქვეყანაში სათანადო ტექნიკა, იქნება ეს ვერტმფრენები, დრონები თუ ასე შემდეგ; პირველ სამ საათში, ყველაზე კრიტიკულ დროს რა გაკეთდა ადამიანების გადარჩენისთვის? სად იყო პრემიერი მთელი დღის განმავლობაში, მეორე დღეს რომ გამოჩნდა? რატომ არ შეიკრიბა უსაფრთხოების საბჭო? რატომ არ შეიქმნა საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ყოველ საათში ახალ ინფორმაციას მიაწვდიდა საზოგადოებას და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა და ეჭვი იბადება, რომ, სულ მცირე, ადგილი ჰქონდა თანამდებობრივ გულგრილობას.

ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიები ამ მხრივ ერთსულოვნები ვართ, ერთადერთი გამონაკლისია პარტია „საქართველოსთვის“. მათაც უნდა დაასაბუთონ. დღემდე ვერ მოვისმინე დასაბუთება, რატომ არიან წინააღმდეგნი, თუმცა ამაზე სამუშაოა. ესეც არის ერთგვარი ტესტი პოლიტიკური პარტიებისთვის, ვინ სად დგას და ვის რამდენად უნდა ჭეშმარიტების დადგენა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.