სერგო ჩიხლაძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა მეგობარი აღარ დაგვრჩეს საერთაშორისო არენაზე და პირისპირ დაგვტოვონ რუსეთთან ერთად
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ისევე როგორც ევროკავშირის საელჩოს განცხადებები არის აბსოლუტურად ადეკვატური და ხელისუფლებას მოუწოდებს ინკლუზიურობისკენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
როგორც სერგო ჩიხრაძემ აღნიშნა, დასავლელი პარტნიორები ხედავენ საფრთხეებს, რასაც „ქართული ოცნება“ უქმნის ევროინტეგრაციის პროცესს და ეს არ დაშვება, გამოგდება, არაინკლუზიურობა კიდევ ერთი მაგალითია „ოცნების“ ობსტრუქციული ხასიათის.
„აბსოლუტურად ადეკვატურია მათი ეს განცხადებები, სამწუხაროდ მე არ მგონია, რომ „ოცნებამ“ გაითვალისწინოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება, ისინი არ ითვალისწინებენ არც აშშ-ს, არც ევროკავშირის მოწოდებას. ყველაფერს აკეთებენ ურთიერთობების დასაძაბად და გასაფუჭებლად. ყველაფერს აკეთებენ, რათა ჩვენ მეგობარი აღარ დაგვრჩეს საერთაშორისო არენაზე და დაგვტოვონ პირისპირ რუსეთთან ერთად, ეს არის „ოცნების“ ამოცანა“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ განცხადებები გაავრცელეს.
აშშ-ის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, „სამართლიანი არჩევნების“ არდაშვება პარლამენტის საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს.
ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლობა დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდებს, რომ ყველა სამუშაო ჯგუფში უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობა.