სერგო ჩიხლაძე - არჩილ თალაკვაძის განცხადებას დეტალური ანალიზი სჭირდება, ასევე, ბევრი კითხვა ჩნდება პოლიტპატიმრებთან მიმართებით
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძის განცხადებას დეტალური ანალიზი სჭირდება.
მისივე თქმით, კონსულტაციები გაიმართება როგორც პარტიის შიგნით, ასევე სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან.
„პირველ რიგში, თალაკვაძის ამ განცხადებას სჭირდება დეტალური ანალიზი. ამას გავივლით ჩვენს პოლიტსაბჭოზე, ასევე კონსულტაციები გვექნება სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან, თუმცა რამდენიმე კითხვა მებადება: რა უშლიდათ ხელს, მაშინაც რომ დათანხმებოდნენ დოკუმენტში არსებულ საკითხებს? ასევე, ბევრი კითხვა ჩნდება პოლიტპატიმრებთან მიმართებაში. რა მექანიზმით მოხდება ორივე პატიმრის გამოშვება, ეს არ არის ნახსენები ამ დოკუმენტში“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებზე 40-პროცენტიანი მხარდაჭერის საკითხს, ჩიხლაძის თქმით, ამაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიბმა ბევრ კითხვას აჩენს.
„რაც შეეხება თვითმმართველობის 40 პროცენტს, ეს დანიელსონის დოკუმენტში არ წერია. შესაბამისად, ეს პუნქტია ჩასამატებელი, ოღონდ აქ ძალიან სერიოზული სამსჯელოა და ბევრი კითხვის ნიშანია, რადგან 40 პროცენტი თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან პატარა ზღურბლია და ნიშნავს 1000-პროცენტიან გარანტიას. ეს არის სადებატო თემა, რამდენად მისაღებია. არ დაგვავიწყდეს, საუბარია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. ამის მიბმა ადგილობრივ არჩევნებზე, თანაც 40 პროცენტზე ძალიან ბევრ კითხვას აჩენს.
განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ გარკვეულწილად მზად არის მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა ჩიხლაძემ.