სერგო ჩიხლაძე - არ შეიძლება, ყოველდღე იყოს ჭორაობა და მოთქმა წაგებულ არჩევნებზე, ბატონ მელიას უფრო მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ის, რომ ეთერ-ეთერ იაროს და იწუწუნოს წარსულ წყენებზე
ხომ არ შეიძლება, ყოველდღე იყოს ჭორაობა და მოთქმა წაგებულ არჩევნებზე, ეს ასუსტებს ოპოზიციას და ვფიქრობ, ბატონ ნიკა მელიას უფრო მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ის, რომ ეთერ-ეთერ იაროს და, ასე ვთქვათ, იწუწუნოს წარსულ წყენებზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
ჩიხლაძის თქმით, ძველი წყენები ყველამ უნდა დაივიწყოს.
„არ ვიცი, რას ჰქვია ძველი და ახალი სახე, მთავარი არის, ადამიანი იყოს გამოცდილი და იყოს თავისი საქმის პროფესიონალი, ბატონი ზურა ნამდვილად არის თავისი საქმის პროფესიონალი, მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და, შესაბამისად, ვიცი მისი როგორც პროფესიული, ისე პიროვნული თვისებები, ვიცი, რომ არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი, მისი წარსული გამოცდილებაც ამაზე მეტყველებს და ასევე ვიცი, რომ მას ძალიან ბევრი საინტერესო, საჭირო კონტაქტი აქვს ჩვენს მეგობარ ქვეყნებში. არ არის ეს დაპირისპირების ახალი კერა, ეს არის ძველი წყენების გაგრძელება და ბატონ მელიასაც მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. ხომ არ შეიძლება, ყოველდღე იყოს ჭორაობა, მითქმა-მოთქმა და მოთქმა წაგებულ არჩევნებზე. ეს ადამიანი უნდა შეეგუოს ამ არჩევნებს და გააგრძელოს იმავე გუნდთან ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ ან თვითონ უნდა შექმნას ახალი ძალა. ყოველთვის, ნებისმიერ შემთხვევაში მისგან იქნება კრიტიკა. ეს ასუსტებს ოპოზიციას და ვფიქრობ, იმავე ბატონ ნიკა მელიას უფრო მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ის, რომ ეთერ-ეთერ იაროს და, ასე ვთქვათ, იწუწუნოს წარსულ წყენებზე“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ზურაბ ჭიაბერაშვილი ერთ წრეზე ტრიალია, სკამების გარშემო რომ დარბიან და მუსიკა სადაც გაითიშება, იქ სხდებიან, ეგ ხდება ახლა, ოღონდ – პოლიტიკაში“.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა ზურაბ ჭიაბერაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად დაასახელა.