ნიკა მელია - ზურაბ ჭიაბერაშვილი ერთ წრეზე ტრიალია, სკამების გარშემო რომ დარბიან და მუსიკა სადაც გაითიშება, იქ სხდებიან, ეგ ხდება ახლა, ოღონდ - პოლიტიკაში
ნიკა მელია - ზურაბ ჭიაბერაშვილი ერთ წრეზე ტრიალია, სკამების გარშემო რომ დარბიან და მუსიკა სადაც გაითიშება, იქ სხდებიან, ეგ ხდება ახლა, ოღონდ - პოლიტიკაში

დღეს რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ პრინციპულობას არ ჰქონია მნიშვნელობა, ზურა მელიქიშვილი უნდა იყოს გარეთ და ზურა ჭიაბერაშვილი შიგნით, რა მნიშვნელობა აქვს, მანამდე რა ხდებოდა, ჰოდა, მანდ იკარგება სიტყვისა და პრინციპის ფასი, როდის მატყუებდი, მაშინ თუ ახლა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ნიკა მელია აღნიშნავს, „ზურაბ ჭიაბერაშვილიც ერთ წრეზე ტრიალია, ანუ რა ხდება, უბრალოდ, სკამების გარშემო რომ დარბიან და მუსიკა სადაც გაითიშება, იქ რომ სხდებიან, ეგ ხდება, ოღონდ  – პოლიტიკაში“.

„სანამ არ გაიაზრებ, რატომ წააგე 2012 წელს და რა უნდა შეცვალო, ვერ მოიგებ. მერაბიშვილის და კეზერაშვილის ოპოზიციაში, პოლიტიკაში არსებობა არის გარანტი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის. ივანიშვილის მმართველობის მე-11 წელსაც კი ისინი უფრო მიუღებლები არიან საზოგადოებისთვის, ვიდრე რუსული პოლიტიკის გამტარებელი „ოცნების“ ხელისუფლება… პრობლემის მოგვარება იწყება მისი აღიარებით და არა დამალვით… ის, რომ „ოცნება“ ცუდია, რუსეთი ცუდია, ხალხმა გაიგო და იცის. რეალური ალტერნატივის შექმნა არის საჭირო, ევროპაზე არა ლაპარაკი, არამედ ჩვენება აქედანვე რომ ხარ ევროპული მოწყობის, დემოკრატიული ღირებულებების.

მორალური უპირატესობა უნდა შეიძინო „ოცნებაზე“ სიმართლით… არჩევანი უნდა მისცე არა ცუდსა და უარესს შორის, არამედ ცუდსა და კარგ შორის.

ნებისმიერი ცვლილება ხდება საარჩევნო მხარდაჭერის არსებობით, პირველ რიგში, ავტორიტარულ რეჟიმში კი ცვლილება შესაძლებელია არა 2 და 3-%იანი, არამედ მხოლოდ დიდი ელექტორალური უპირატესობის მოპოვებით.

დიდი ელექტორალური უპირატესობა კი მხოლოდ დიდ მორალურ უპირატესობას, რეალურ სიახლეს და ცვლილებისკენ სწრაფვას მოაქვს…

იმავეს კეთებით და იმავე წრეზე სიარულით განსხვავებულ შედეგს ვერ მიიღებ, ეს უნდა გავიაზროთ პირველ რიგში…

ყველა ის შეცდომა უნდა გავიაზროთ, რომელიც დაგვიშვია, თუნდაც ერთობის სახელით მანკიერებების დაფარვისა და შეგუების.

საზოგადოების აზრი და ინტერესი უნდა ავსახოთ სწორად პოლიტიკაში, სიტყვას ფასი დავუბრუნოთ და ნდობა აღვადგინოთ…

სანამ საზოგადოებას არ ეცოდინება, რომ რასაც ვამბობთ, იმას ვგულისხმობთ, იმაზე ვაგებთ პასუხს და იმას განვახორციელებთ, ცვლილება არ მოვა…

დღეს რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ პრინციპულობას არ ჰქონია მნიშვნელობა, ზურა მელიქიშვილი უნდა იყოს გარეთ და ზურა ჭიაბერაშვილი შიგნით (აქ სახელები პირობითია და მოვლენების საილუსტრაციოდ არის მოყვანილი, კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება), რა მნიშვნელობა აქვს, მანამდე რა ხდებოდა… ჰოდა, მანდ იკარგება სიტყვისა და პრინციპის ფასი, როდის მატყუებდი, მაშინ თუ ახლა“, – წერს ნიკა მელია.

ლევან ხაბეიშვილმა ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად დაასახელა.