სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საპარლამენტო არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ არ დაესწრებიან 26 ივლისის პლენარულ სხდომას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
მისივე თქმით, კომისიის მიმართ ნდობა არ აქვთ.
„რა თქმა უნდა, არ დავესწრებით, რადგან არანაირი ნდობა არ იყო ამ კომისიისადმი და ახლა ბოლო სხდომა იქნება თუ ბოლოს წინა სხდომა, ვერ ვხედავთ აზრს ამაზე დასწრების. ჯერ კიდევ ნოემბრიდან მოყოლებული, არც ერთი ჩვენი საჩივარი, არაფერზე რეაგირება არ ყოფილა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველასთვის ნაცნობი კადრები, როდესაც „ოცნების“ კომისიის წევრები ბიულეტენებს ყრიდნენ, გამოძიებული ან ვინმე დაკითხულია? რა თქმა უნდა, არა, შესაბამისად, რა ნდობა ან რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ასეთი კომისიისგან“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ხვალ, 26 ივლისს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც განიხილება და დამტკიცდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.
„ქართული ოცნება“ მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიებს, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხვილვაში მონაწილეობა მიიღონ.
როგორც „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სხდომაში არმონაწილეობა შეფასდება როგორც დისკუსიისგან თავის არიდებისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის მცდელობა.