სერგი კაპანაძე - ტატუნაშვილის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულ პირებზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება სწორი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სისხლისსამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირებზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება სწორი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.
„ის, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია შეიქმნა და ჩვენ ვიყავით ინიციატორები, ამის ერთ-ერთი პირდაპირი შედეგი და გამოძახილია ამ ადამიანების მიმართ საერთაშორისო დევნის დაწყება. ეს არის კარგი გზავნილი კონკრეტული პირების მიმართ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებებს არღვევენ, რომ მათაც იგივე ბედი ელით. კარგი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯია, მაგრამ საკმარისი არ არის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
დეპუტატი მიიჩნევს, მმართველმა გუნდმა ოპოზიციის მოთხოვნა უნდა გაითვალისწინოს და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას გადახედოს.
„ველოდებით მთავრობის მხრიდან რეაგირებას. მათ შეცდომა დაუშვეს, როდესაც არ შეიყვანეს სიაში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, საუბარია „ეფ ეს ბეს“ ძალების წარმომადგენლებზე, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ეფექტიან კონტროლს ე.წ. საზღვარზე, საოკუპაციო ხაზზე. ისინი არიან პასუხისმგებელი ჩვენი მოქალაქეების გატაცებებზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა თუ მკვლელობაზე. სამწუხაროდ, ისინი არ შეიყვანეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში და შეიყვანეს პირები, რომლებიც გარდაცვლილი არიან. სია უნდა გადაიხედოს და ეს შეცდომა გამოსწორდეს“, – განაცხადა კაპანაძემ.
2018 წლის 13 სექტემბერს ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ, საქართველოს მხარის მიერ მიმდინარე წლის 6 ივლისს მიწოდებული მასალების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ხსენებული პირები მიცემული არიან სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არჩილ ტატუნაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში წამების გამო.