სერგი კაპანაძე - სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ ნიკა მელიას სამაჯური ტყუილად ჰქონდა
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ თურმე, სამაჯური ნიკა მელიას ტყუილად ჰქონდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
კაპანაძემ კომენტარი გააკეთა„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხის 70 000 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით.
„სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ თურმე ეს სამაჯური ტყუილად ჰქონდა მელიას, გამომდინარე იქედან, რომ პრობლემად არ ჩათვალა სამაჯურის მოხსნა და ასევე ტყუილად ჰქონდა ჩამორთმეული პასპორტიც.
ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიტიკურად კონტროლირებადია, გამომდინარე იქედან, რომ ამ ძალიან ცხელ მონაკვეთში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მელია კანდიდატია, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების ბოიკოტს აკეთებს და იმის გამო სწორედ, რომ ახლა ოპოზიციური ერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, მის წინააღმდეგ ვერ გაბედა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც კიდევ უფრო დამუხტავდა სიტუაციას. ამიტომ, მე, როდესაც გავიგე ეს გადაწყვეტილება, გამეცინა, ძალიან კარგად ჩანს რამდენად ექვემდებარება სასამართლო პოლიტიკურ კონიუქტურას“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 70 000 ლარამდე გაეზარდა. ასევე, დამატებითი ღონისძიების სახით მელიას აეკრძალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვება ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე.
თავად ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.