სერგი კაპანაძე - საპარლამენტო კომისია ყველაფერს გააკეთებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კითხვებს პასუხები გაეცეს
სერგი კაპანაძე - საპარლამენტო კომისია ყველაფერს გააკეთებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კითხვებს პასუხები გაეცეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

როგორც სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ნათელი გახადა, რომ ქვეყანაში დიდი კრიზისია შექმნილი.

„გამოვლინდა პროკურატურის სისტემის სრული ჩავარდა, რისი პირდაპირი შედეგი არის ის, რომ დადგინდა კონკრეტული ახალგაზრდების მკვლელები და შემდეგ ამას მოყვა ის პროცესები, რომელიც ჩვენ ყველამ ვნახეთ. მიგვაჩნია, შევძლებთ ნათელი მოვფინოთ ამ რთულ სიტუაციას. იმას, რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე და ასევე იმას, რაც მოხდა პროკურატურაში თუ სხვა უწყებებში, რომელმაც გამოიწვია ის შედეგები, რაც ჩვენ გვაქვს. ეს არის რთული სამუშაო. მარტივი არ იქნება ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ საპარლამენტო უმცირესობა “ევროპული საქართველო”, ეს კომისია, ყველაფერს ვიზამთ, რომ ამ კითხვებზე იყოს პასუხი გაცემული. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ბერკეტსა და ინსტრუმენტს, რომელიც კომისიას კანონით  აქვს გათვალისწინებული, მათ შორის, უმაღლესი თანამდებობის პირების დაკითხვა, მათი მოწვევა კომისიაზე, სხვა ინფორმაციის გამოწვევა, რომ საზოგადოებამ გაიგოს რეალურად რა მოხდა და ყველა ამ კითხვას გაეცეს პასუხი. ეს არის ძალიან რთული საქმე, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ ტიპის კომისია იქმნება”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში პარტიებს შორის კვოტები დღეს გადანაწილდა. კონსულტაციების შედეგად, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შედგა, გადაწყდა, რომ 17-წევრიანი კომისიიდან ცხრა ადგილი „ევროპულ საქართველოს“ ერგება.