სერგი კაპანაძე - სამწუხაროა, კომისიის ზოგიერთი წევრი ცდილობს, სამუშაო პროცესის პოლიტიზება მოახდინოს, რადგან არ მოსწონთ კითხვები
სერგი კაპანაძე - სამწუხაროა, კომისიის ზოგიერთი წევრი ცდილობს, სამუშაო პროცესის პოლიტიზება მოახდინოს, რადგან არ მოსწონთ კითხვები

სამწუხაროა, რომ კომისიის ზოგიერთი წევრი ცდილობს, მოახდინოს აბსოლუტურად სამუშაო პროცესის პოლიტიზება, რადგან არ მოსწონთ კონკრეტული კითხვები, – ამის შესახებ  ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, სხდომაზე კომისიის ყველა წევრს ჰქონდა უფლება დაესვა კითხვა და სტუმრებსაც ჰქონდათ საშუალება გაეცათ პასუხები.

„ძალიან სამწუხაროა რომ კომისიის ზოგიერთი წევრი ცდილობს რომ მოახდინოს ამ აბსოლუტურად სამუშაო პროცესის პოლიტიზება, რადგან არ მოსწონთ კონკრეტული კითხვები, რადგან შეიძლება არ აკმაყოფილებდეთ პასუხები მოწვეული ადამიანების მხრიდან. ვატყობ, ბოლო პერიოდში გახშირდა კომისიის წევრების მხრიდან კომისიის საქმიანობაზე, იქნება ეს კანონების ინტერპრეტაციის გზით, თუ იქნება ეს კითხვების დაგმობის გზით. ეს არის არასწორი მიდგომა. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ უკვე ნეგატიური შეფასებისგან, ეს ახდენს კომისიის მუშაობის დისკრედიტაციას. ყველას უნდა ესმოდეს, რომ უმჯობესია, კომისიის ფორმატში დაისვას კითხვები, ვიდრე კომისიის მუშაობა იყოს შეფერხებული და ეს კითხვები დაისვას სხვაგან”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, სხდომაზე საქმის მასალებიდან მწვავე კითხვები იყო დასმული, ისინი ეხებოდა კონკრეტულად საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც არ ჩატარდა.

„დავსვით კონკრეტული კითხვები, რატომ არ დაიკითხა კონკრეტული მოწმეები, ან რატომ არ ჩატარდა სახლის ჩხრეკა, რატომ არ ამოიღეს კომპიუტერები, ტელეფონები და ა.შ. ამ კითხვების ნაწილზე კომისიის წევრებმა პასუხები ვერ მიიღეს. ამ დაკითხვების დროს გამოიკვეთა, რომ გაჩნდა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა პროკურატურის ვერსიას და შსს ვერსიას შორის”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.