სერგი კაპანაძე - საკონსტიტუციო უმრავლესობის არსი დაკარგულია, არაფერს ცვლის „ქართულ ოცნებას“ 115 დეპუტატი ეყოლება თუ 101
საკონსტიტუციო უმრავლესობის არსი დაკარგულია, შესაბამისად არაფერს ცვლის „ქართულ ოცნებას“ 115 დეპუტატი ეყოლება თუ 101, – ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“კანონში ცვლილებების ავტორმა დეპუტატებმა უმრავლესობა დატოვონ, ახალი ფრაქცია შეიქმნას და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაიშალოს.
კაპანაძე აცხადებს, რომ უმრავლესობა ვერაფერს წყვეტს და ბოლო საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ საკონსტიტუციო უმრავლესობის არსი საერთოდ დაკარგულია.
„ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობის არსი დაკარგულია ბოლო საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ. ერთი უმრავლესობა ვერაფერს ვეღარ წყვეტს. ამიტომ 115 დეპუტატი ეყოლებათ თუ 101 რეალურად ქვეყანაში არაფერს ცვლის“, – განაცხადა კაპანაძემ.
ამასთან, დეპუტატის შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებაა, რომელიც მაშინ დაიწყო, როცა საკითხები კონკრეტულ პიროვნებებს შეეხო და არა რეალური პრობლემების გამო.
„ქართულ ოცნებაში“, როგორც ჩანს, არის შიდა დაპირისპირება, მაგრამ ეს არის მათი საქმე. ჩემი მხრიდან ამის შეფასება სწორად არ მიმაჩნია. ფაქტი ერთია, ისინი მხოლოდ მაშინ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, როდესაც კონკრეტულ პიროვნებებს შეეხო საკითხები და არა რაღაც მნიშვნელოვანს, რომელიც წლების განმავლობაში არის პრობლემა. სასამართლოს საკითხი შარშანაც პრობლემა იყო და იმის წინაც, მაგრამ ეს ადამიანები ამ თემაზე არ რეაგირებდნენ და არაფერს აკეთებდნენ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის წევრები ღირებულებების გამო არ იბრძვიან და ისინი 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადებიან.
„არ მჯერა გულწრფელად იმის, რომ ახლა რაღაც მნიშვნელოვანი ღირებულებითი სხვაობის გამო მოხდა მათ შორის დაპირისპირება. რეალურად, ეს არის ბრძოლა ივანიშვილის კარზე, ვინ უფრო თბილ ადგილს მოიპოვებს და ალბათ, ასე ემზადებიან 2020 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხადა კაპანაძემ.
საკონსტიტუციო უმრავლესობა 113 დეპუტატს გულისხმობს. ამჟამად, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 115 დეპუტატი ჰყავს.
პარლამენტის ცხრა წევრმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდა. მას ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.