სერგი კაპანაძე - როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, გიორგი რურუა და სხვა პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან
სერგი კაპანაძე - როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, გიორგი რურუა და სხვა პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, თუ ოქტომბრამდე გიორგი რურუა პატიმრობიდან არ გათავისუფლდება, წინასაარჩევნო გარემო არ იქნება ნორმალური.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში, არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შეფასდება როგორც თავისუფალი და სამართლიანი.

„როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, გიორგი რურუა და სხვა პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან. ხელისუფლებას აქვს არჩევანი, რომ უახლესი ისტორიის ეს სამარცხვინო ფურცელი, როდესაც სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ, ოქტომბრამდე დაიხუროს.

თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, როგორც ეს სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ასეთ შემთხვევაში, არჩევნებამდე ვითარება არ იქნება ნორმალური, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ზეწოლა გაგრძელდება. ის შეფასებები, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ კეთდება, გაგრძელდება.

ეს არც იმას შეუწყობს ხელს, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს ნორმალური და არც იმას, რომ არჩევნები შეფასდეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ამ გამოწვევებზე მიდის ბიძინა ივანიშვილი და შესაბამის პასუხს მიიღებს,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.